სამოყვარულო ჩემპიონატიდან პროფესიონალურ ლიგამდე!

ყველა სიახლე
12 თებერვალი 2021


ლიგა 2-ის ბოლო მონაწილე, რომელსაც წარმოგიდგენთ, ფუტსალში დებიუტანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმიაა. „ძალოვნები“ აქამდე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდნენ, სადაც ხუთწლიან ისტორიას ითვლიან. მინიფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატზე არმიას საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მათ ანგარიშზე ოქროს ლიგის I და III ადგილი, სუპერლიგის ჩემპიონობა და SBM თასის ფინალისტობაა.

სამოყვარულო დონეზე მოპოვებული ტიტულების შემდეგ, არმიამ პროფესიონალურ ლიგაზე ასპარეზობა გადაწყვიტა. მისი მეტოქე პირველ ტურში ქუთაისის „მართვე“ იქნება, თასზე კი 27 თებერვლას გორს გაეჯიბრება. გუნდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის sbm.ge არმიას მთავარ მწვრთნელს, ლადო ბურდულს გაესაუბრა.

ლადო ბურდული: „ორი წელია, რაც არმიას მწვრთნელი ვარ და ამ დროის განმავლობაში, ბევრი წარმატება გვქონდა. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ოქროსა და სუპერლიგის ჩემპიონები გავხდით. თამაშის ხარისხი ძალიან გაიზარდა. მოგეხსენებათ, ეს ბიჭები პროფესიონალი მოთამაშეები არ არიან, ისინი ჯარისკაცები არიან და ჩვენს ქვეყანას მუდმივ რეჟიმში ემსახურებიან. ყველა მათგანი პარალელურად ბატალიონებში ცხოვრობს და თავიანთი სპეციალობა აქვთ, ზოგი ტანკისტია, ზოგიც სნაიპერი. ეს ყველაფერი ძალიან მეამაყება, ვინაიდან ისინი ჩვენი ქვეყნის გმირები არიან.

გასულ წელს სუპერლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, პროფესიონალურ ლიგაში ასპარეზობასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებისგან და ჩვენგან ერთობლივი ინტერესი წამოვიდა. გუნდსაც დიდი სურვილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, სამწვრთნელო შტაბთან და გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, გამოვსულიყავით ლიგა 2-ში.

სამოყვარულო ლიგაში წესები განსხვაებულია, იქ ექვსი მოთამაშეა და ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ხუთი-ხუთზე გადაწყობა იყო. ვარჯიშების გარდა, მოსამზადებელ ეტაპზე, ამხანაგური შეხვედრებიც გვქონდა. უმაღლესი ლიგიდან ვეთამაშეთ თბილისს და ბიჭების მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი ძლიერი მხარეც გამოიკვეთა - ფიზიკური კონდიციები. ეტაპობრივად, ტექნიკურ მხარესაც დავხვეწთ. ჩემი კვალიფიკაცია უფრო დიდი ფეხბურთია, ფუტსალს განსხვავებული სპეციფიკა და ტაქტიკები აქვს, ამიტომ ავიყვანეთ დამხმარე მწვრთნელი, ელიას ანდრე, რომელიც უფრო გარკვეულია ამ საკითხში და მასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ.

ჩვენი პირველი მეტოქე მართვე იქნება. მათ შემადგენლობაში ცვლილებებია და რთულია ძველი გუნდის მიხედვით შევიქმნათ წარმოდგენა. პირველი თამაში ყოველთვის ძნელია, რადგან მწვრთნელს ბრმად უწევს სტრატეგიის შემუშავება. საწყისი ტურის შემდეგ, სხვა მოწინააღმდეგეებსაც უკეთ შევისწავლით და უფრო გაგვიმარტივდება ტაქტიკის შერჩევა. ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით უმაღლეს შედეგს მივაღწიოთ.“

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონი 13 თებერვალს დაიწყება. პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

  © SBM, 2016-2024