„მეტი შეხვედრა, თავის გამოჩენის მეტ შანსს ნიშნავს“ - დავით ბობოხიძე
ყველა სიახლეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდი ფუტსალის ლიგა 2-ში პირველივე სეზონიდან ასპარეზობს. თსუ 2-მა სადებიუტო გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა და ლიგის პირველი გამარჯვებული გახდა. მან ჯერ წრიულ ეტაპზე მოიპოვა პირველობა, შემდეგ კი, ილიაუნის ფინალში სძლია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გასული სეზონი თსუ 2-მა სრულიად გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, რის გამოც, გუნდის მთავარი მიზანი პლეიოფის საგზური იყო. ნახევარფინალში „სტუდენტები“ კსუ-სთან დერბიში დამარცხდნენ და ჩემპიონატი მეოთხე ადგილით დაასრულეს.
რიგით მესამე სეზონს გუნდი უცვლელი შემადგენლობით ხვდება და შედეგების გაუმჯობესებას შეეცდება. პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მათ მომზადებაზე გავლენა იქონია, თუმცა თსუ 2 კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება.
sbm.ge თსუ-ს მთავარ მწვრთნელს, დავით ბობოხიძეს გაესაუბრა:
დავით ბობოხიძე: „ჩვენთვის რთულია წინასწარ მიზნების დასახვა. გუნდი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის.
თითქმის ყველა მოთამაშე სტუდენტია და ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა ვარჯიშებზე გავლენა იქონია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა განსაკუთრებით დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა გუნდისთვის, ფაქტობრივად, ვარჯიშის საშუალება არ გვქონია.
პირველ ტურში, გუნდის მზადყოფნიდან გამომდინარე, ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
ჩემპიონატში ოთხი დებიუტანტი გამოჩნდა, რაც სასიხარულოა. მეტი კონკურენცია იქნება და თამაშების რაოდენობაც მოიმატებს. ეს ყველაფერი ლიგის ხარისხსს კიდევ უფრო გაზრდის და სანახაობას შექმნის. მეტი შეხვედრა, თავის გამოჩენის მეტ შანსს ნიშნავს, რაც ბიჭებისთვის მოტივაციაა, მით უმეტეს, მათთვის, ვინც ეროვნულ ნაკრებზე ფიქრობს. გასულ წელს ლიგა 2-დან ორი მოთამაშე შემოუერთდა ნაკრებს, რაც ნამდვილად სასიხარულოა.“
ფუტსალის ლიგა 2-ის მომდევნო მონაწილე, რომელსაც წარგიდგენთ, ევროპის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.