თსუ-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე უნგრული ბერეტიუფალუ იქნება!

ყველა სიახლე
27 ოქტომბერი 2020


27 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ფუტსალის ჩემპიოთა ლიგის წინაშესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 2019/20 წ.წ. სეზონის გამარჯვებულის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტოქე, უნგრეთის ჩემპიონი, ბერეტიუფალუ იქნება. წყვილში მასპინძელი თსუ-ა, შესაბამისად, „უნივერსიტეტელები“  მომდევნო ეტაპის საგზურისთვის საკუთარ კედლებში იბრძოლებენ.

კორონა ვირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილე 46 გუნდიდან შეიქმნას 23 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ 23 გუნდს მომდევნო ეტაპზე შეუერთდება 9 ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე გუნდი, რომლებიც ასევე თითო შეხვედრას გამართავენ.

უეფამ რეიტინგის გათვალისწინებით, მინიმალური ურთიერთკავშირისთვის,  6 კალათაში წინასწარ განთესა კლუბები. ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლების გამო უმასპინძლონ მეტოქეს, ორგანიზატორებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც წილისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა.

sbm.ge თსუ-ს მთავარ მწვრთნელს წილისყრის შედეგზე და მომზადების პროცესზე გაესაუბრა:

დავით ბობოხიძე:“ვარჯიში ჯერ არ დაგვიწყია, ხვალიდან ჩვენი ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, ივიკო ერგემლიძესთან ერთად, დავიწყებთ მომზადებას. დრო საკმაოდ ცოტაა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონატის დაწყებაც იგეგმება. კოვიდ ვითარების გამო, არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად სირთულეებისა, დავიწყებთ უშუალოდ უნგრეთის ჩემპიონისთვის მზადებას, გავიგებთ შარშანდელთან შედარებით ვინ დაიმატეს და გაუშვეს. გავაანალიზებთ მეტოქეს, რის შემდეგაც ჩამოვყალიბდებით ერთმატჩიან დუელში რა იქნება ჩვენი პლიუსი და მოწინააღმდეგის მინუსი. რათქმაუნდა, ვეცდებით შემდეგ ეტაპაზე გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რეიტინგით ჩვენზე ბევრად წინ არის.“

ჩემპიონთა ლიგის წინაშესარჩევი ეტაპი 24-29 ნოემბერს გაიმართება. პანდემიის გამო ყველა შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

  © SBM, 2016-2024