ბესო ზოიძე:“დაუვიწყარი მატჩები გველის, ბოლო წუთამდე დაძაბული“
ყველა სიახლესაქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ზე მოსახვედრად შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს, რუსეთსა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში შეხვდებიან.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორ რაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.
წილისყრის შედეგები sbm.ge-სთან რუსეთის სუპერლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონის, CPRF-ის მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ზოიძემ შეაფასა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო წელს პირველად მოიპოვა და დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მწვრთნელია.
ბესო ზოიძე:“ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფი ძლიერი ნაკრებებით არის დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, ოთხივე მათგანი თავის მაქსიმუმს აჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ ფუტსალი სწრაფი ტემპით ვითარდება და ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა მზარდი ტენდენცია. ევროპაში და არა მარტო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონეები გათანაბრდა. მაგალითად, ხუთი წლის წინ ამ ჯგუფზე ყველა იტყოდა, რომ რუსეთი უდავო ფავორიტია, ახლა ასე არაა.
სულმოუთქმელად ველი საქართველოს თამაშებს. უშუალო კავშირი მაქვს, როგორც მწვრთნელთან, ასევე ფეხბურთელებთან და ვიცი, რომ რაც მთავარია, იქნება დიდი შემართება. ძალიან დიდი შანსია ჯგუფიდან ღირსეულად გასვლის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ კარგად მოემზადოს შეხვედრებისთვის და წარმატებას მიაღწიოს. საქართველოს ნაკრები საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მეტოქეებს არ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-საქართველოს წყვილს, გუშინ გამართულ კლუბის ღონისძიებაზე რუსეთის მინიფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების მოთამაშეებს ვესაუბრე, მათ ჩვენი ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემა და რიდი აქვთ. ყველა აღნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. როგორ წარიმართება შეხვედრა არავინ იცის. დაუვიწყარი მატჩები გველის, ბოლო წუთამდე დაძაბული. მაღალ კლასს ვიხილავთ ორივე მხრიდან და შედეგს ალბათ მაინც შემართება გადაწყვეტს, რომელიც არ გვაკლია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრებში ბევრი ჩემი ფეხბურთელი ასპარეზობს, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში საქართველოს ვგულშემატკივრობ. აღსანიშნავია, რომ ჩემი გუნდის რიგებში გამოდის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სიმი საიოტი. ასევე, აქ ყველა იცნობს და დიდ პატივს სცემენ საქართველოს კაპიტანს, ზვიად კუპატაძეს, რომელიც ნაკრების დონეს განსაზღვრავს. მისი ავტორიტეტი ძალიან დაგვეხმარება, განსაკუთრებით, რუსეთთან შეხვედრებში, რადგან მრავალი წელია, რაც აქ უდიდეს შედეგს აჩვენებს.
Sbm.ge გილოცავთ სუპერლიგაში გამარჯვებას, როგორი იყო ჩემპიონობამდე განვლილი გზა?
პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის. წლევანდელი სეზონი ჩემთვის საკლუბო დონეზე წარმატებული იყო. შარშან ვიცე-ჩემპიონები ვიყავით, წელს კი ჩემპიონები გავხდით. ეს არის მრავალწლიანი შრომის შედეგი. ამ მიზნისთვის დიდი ხანია ვიბრძვი. რუსეთში ძალიან მაღალი დონეა, რაც ამ წარმატებას მეტ ფასს სძენს. ჩემპიონთა ლიგაც ოქტომბერში განახლდება, სადაც ოთხთა ფინალში ვართ. დიდ იმედებს ვამყარებთ და ვემზადებით მაქსიმალურად.
ბევრი მილოცვა მივიღე საქართველოდანაც და მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემი ყველა სამომავლო ფიქრი საქართველოსთან არის დაკავშირებული და მინდა ქართული ფუტსალის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი, თავის შეგირდებთან ერთად მაღალი დონის თამაშს აჩვენებს. მათ წარმატებებსა და მომდევნო ეტაპზე გასვლას ვუსურვებ.“
საქართველოს ნაკრები შეხვედრებს 6 დეკემბერიდან (2020) – 14 აპრილის (2021) შუალედში გამართვას.