ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
20 აგვისტო 2020


საქართველოს 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა.

თბილსის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და თელასს შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 1:1-ის შემდეგ დამატებით დროში „სტუდენტები“ მალე დაწინაურდნენ, თელასმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლი შეაგდო, ანგარიში 3:2 გახადა და თსუ-მ ჩემპიონობა მოიპოვა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალი ნოდარ ქურცაძე (თსუ) გახდა. საუკეთესო მცველად თეიმურაზ ექიზაშვილი (ილიაუნი) დასახელდა. ტურნირის საუკეთესო მეკარე თორნიკე ბუკიაა (თსუ). საუკეთესო თავდამსხმელის წოდება გიორგი ჩიმაკაძეს (თსუ) ერგო. 25 გატანილი გოლით ბომბარდირის ჯილდო გიორგი ტიკურიშვილს გადაეცა (თელასი). გუნდისთვის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ლევან კობაიძე (თსუ) დასახელდა. საუკეთესო ასისტენტი 13 გატანილი გოლით შოთა თოფურია (თელასი) გახდა. ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ვახტანგ ჯვარაშვილს (თელასი) გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ დაჯილდოების შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი:“ძალიან დაძაბული ჩემპიონატი იყო. მოთამაშეებისთვის და ზოგადად, ამ სპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი ხარისხის შეჯიბრია. სამმატჩიანი ფინალი გამოვიდა, რაც მეტყველებს თუ როგორი ხასიათის იყო შეხვედრები. ვულოცავ თსუ-ს ამ წარმატებას.“

ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი: „საკმაოდ კარგი ფინალური სერია გამოვიდა. ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში არ ვიყავი გასაგდები, მაგრამ მსაჯები იღებენ გადაწყვეტილებას და ეს ჩემი შეხედულებაა. გადამწყვეტი მატჩი დამატებით დროში გადაიზარდა და ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორც სხვა ფინალები. პირად ჯილდოს რაც შეეხება, კარგია, როცა შრომა და ძალისხმევა ფასდება. ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გავხდი, რაც ჩემი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემპიონობა სჯობს ამ ყველაფერს. ვულოცავ თსუ-ს გამარჯვებას.“

თეიმურაზ ექიზაშვილი, ილიაუნი:“ჩემი აზრით, ილიაუნისთვის ძალიან შედეგიანი წელი გამოვიდა. ფინალში თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ დებიუტანტი გუნდისთვის პირველივე წელს მესამე ადგილი მაინც კარგია, ვინაიდან საპრიზო პოზიციაა. ჩემი ჯილდოსთვის მინდა პირველ რიგში გუნდელებს გადავუხადო მადლობა, აუცილებლად უნდა გამოვყო მწვრთნელი, ალიკ სარქისიანი, რომელმაც მომცა შანსი ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა.“

ნოდარ ქურცაძე, თსუ:“ისეთი თამაში იყო, როგორიც ფინალს შეეფერება - გოლები, კარგი მომენტები, დამატებითი დრო და დაძაბულობა. ვაგებდით და შემოვატრიალეთ ეს შეხვედრა, ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული მატჩისთვის ჩვენ უკეთ ვიყავით მომზადებულები და დამსახურებულად გავხდით ქვეყნის ჩემპიონები. მოწინააღმდეგეს მინდა დავუფასო ასეთი კარგი თამაში და ვუსურვებ მომავალში წარმატებას, ჩემს გუნდს კი ვულოცავ. ჩემპიონატში გვიან ჩავერთე, შედარებით ნაკლები თამაში მქონდა და არ ველოდი საუკეთესო უნივერსალის ჯილდოს, რის გამოც უფრო გახარებული ვარ.“

ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი ამით დასრულდა, თსუ კი ქვეყნის ღირსებას უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს, რომლის წილისყრაც 2 სექტემბერს გაიმართება.

  © SBM, 2016-2024