თსუ საქართველოს ჩემპიონია!
ყველა სიახლესაქართველოს 2019/20 წ.წ. სეზონის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.
თბილსის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და თელასს შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ტიკურიშვილმა მეორე ტაიმში გახსნა და „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. „სტუდენტების“ რიგებიდან ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გიორგი ჩიმაკაძემ თამაშის განახლებიდან თხუთმეტ წამში შეძლო თსუ-ს წინ გაყვანა, მაგრამ ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მ 3:2 იმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.
დასკვნითი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლევან კობაიძე დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „სამივე თამაშში მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ამ შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა ნამდვილად დავიმსახურეთ. თელასი შარშანდელი ჩემპიონია და ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად რთული შეხვედრები გვქონდა. გახარებულები ვართ, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდი გავხდით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამისთვის მომზადებას მალევე დავიწყებთ და შევეცდებით ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.“
თსუ საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.