თსუ ფუტსალის ლიგის ფინალშია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალში თელასი და თსუ ითამაშებენ.
მეორე განმეორებითი ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიაუნის შორის თსუ-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
„სტუდენტური დერბი“ კვლავ დაძაბულობით სავსე გამოდგა. მურთაზ კაკაბაძემ მატჩის მეხუთე წუთზე მოახერხა გუნდის დაწინაურება. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე კი გიორგი ჩიმაკაძემ შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა. ილიაუნელები ეცადნენ თამაშში დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ, ორმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი მესამე ადგილისთვის ბრძოლას დიდი დანაკლისით შეხვდება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩიმაკაძე დასახელდა, რომელსაც ესპანური სპორტული ბრენდი ჯომასგან 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა გვაზავა, ილიაუნი:“ბოლომდე ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. იყო რაღაც გარემოებები, რის გამოც ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები, კერძოდ, ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, ერთი ძირითადის მეკარე და მეორე კაპიტანი. დაძაბული თამაში იყო, გვქონდა ბევრი მომენტი. ორივე გოლი ჩვენი შეცდომების გამო გავუშვით. უმაღლეს ლიგაში დებიუტანტები და გამოუცდელები ვართ, რაც თამაშზეც აისახება. ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოდ და ღირსეული ბრინჯაოს მედალოსნები გავხდეთ.“
გიორგი ჩიმაკაძე, თსუ:“ილიაუნის მინდა მადლობა გადავუხადო, მართლა კარგი შეხვედრები გამოვიდა. კარგია, რომ მესამე შეხვედრა არ გახდა საჭირო და ასე ძალები დავზოგეთ. დღეს გადამწყვეტი ეპიზოდი მაინც პირველი გოლი იყო, რომელიც საკმაოდ მალე გავიტანეთ და ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, მეტოქე გატყდა. ფინალისთვის ჩვენს შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ. თელასი ძლიერი გუნდია და იმედია შევძლებთ მათ დამარცხებას.“
საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება და ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა ორ მოგებამდე გაგრძელდება.