ნახევარფინალური შეხვედრები 5 აგვისტოს გაიმართება!

ყველა სიახლე
02 აგვისტო 2020


ფუტსალის ლიგის წრიული ეტაპი თელასისა და თბილისის შეხვედრით დასრულდა. „ენერგეტიკოსებმა“ მეტოქე ოთხბურთიანი უპირატესობით 7:3 დაამარცხეს.

მეცამეტე წამზე სწრაფი გოლით კახა გოგოხიამ თბილისი დააწინაურა, თუმცა წონასწორობა  მალევე აღდგა და მას შემდეგ თელასმა სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა. თელასის რიგებიდან დუბლი გიორგი სოზაშვილმა გაიფორმა.

დღის დასკვნით მატჩში პსპ-მ საქართველოს უნივერსიტეტი 14:1 დაამრცხა. ზუკა გარსევანიშვილის ანგარიშზე ხუთი ბურთია. პოკერი გაიფორმა ლევან სვანიძემ.

ფუტსალის ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები 5 აგვისტოს გაიმართება. თელასის მეტოქე თბილისი იქნება, თსუ კი ილიაუნის გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ ფინალში გასასვლელად თამაში ორ მოგებამდეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი:“დღევანდელი შეხვედრა ცოტა მოსამზადებელი ხასიათის იყო. რამდენიმე დღეში ნახევარფინალში ვხვდებით ერთმანეთს და ცოტა დაზვერვითი შინაარსისაც იყო. ჩემპიონატის დაწყების წინ ნამდვილად ფავორიტები ვიყავით, მას შემდეგ ხუთამდე მნიშვნელოვანმა მოთამაშემ დატოვა გუნდი და ახლა ცოტა გვიჭირს, მაგრამ ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობის შენარჩუნებაა. საკმაოდ კარგი გუნდებია დასკვნით ეტაპზე დარჩენლი და წარმატებებს ვუსურვებ სამივეს.“

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისის მთავარი მწვრთნელი:“დღევანდელი თამაში სატურნირო ცხრილს არ ცვლიდა, ამიტომ გარკვეული ტაქტიკების შემუშავებაზე გავაკეთეთ აქცენტი. ძალიან კარგი იყო პლეიოფისთვის მოსამზადებლად. რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება ნახევარფინალში თელასის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ და ფინალშიც გავიდეთ.“

5 აგვისტოს გაიმართება ფუტსალის ლიგა 2-ში პსპ-გორისა და თსუ 2-კსუს ნახევარფინალური დაპირისპირებებიც. გუნდები ფინალში მოსახვედრად ერთ მოგებამდე ითამაშებენ.

  © SBM, 2016-2024