თბილისი და ილიაუნი ფრეზე გაიყარნენ!

ყველა სიახლე
28 ივლისი 2020


ფუტსალის ლიგის მეცამეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისი ილიაუნის დაუპირისირდა. დაძაბული და სანახაობრივი თამაშის შემდეგ გუნდები ფრეზე გაიყარნენ. ამ შედეგით ილიაუნიმ სამეულში ადგილი გაიმყარა.

მატჩში ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. თბილისი მეთორმეტე წუთზე ბექა ონიანმა დააწინაურა, ტაიმის მიწურულს წონასწორობა გიგა მამულაშვილმა აღადგინა. თამაშის განახლებიდან მალევე აველო კიკვაძემ თბილისელები კვალავ წინ გაიყვანა, თუმცა გიგა მამულაშვილმა დუბლი გაიფორმა და „უნივერსიტელებს“ ქულა შეუნარჩუნა. მატჩი 2:2 დასრულდა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კახა გოგოხია, თბილისი:“ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდი ბოლომდე დავიხარჯეთ. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვიყავით წინ და ანგარიში ჩვენ მიგვყვადა, მაინც კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა. თანაბარი ძალები იყო, რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია.“

გიგა მამულაშვილი, ილიაუნი:“პრინციპული მატჩი იყო, რადგან აქამდე ერთი შეხვედრა ჩვენ მოვიგეთ, მეორე კი თბილისმა. მნიშვნელოვანი მოთამაშეც გვაკლდა, რომელსაც ტრავმა აქვს და ჯერ არ ვიცით ზუსტად როდის დაგვიბრუნდება. საინტერესო და სანახაობრივი თამაში იყო. სამი ქულისთვის ვიბრძოდით, თუმცა პანდემიის შემდეგ რთული აღმოჩნდა მაინც დაბრუნება. გამოცდილებაც გვაკლია, მით უმეტეს, თბილისის გუნდი ისეთი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც დიდი ხანია ერთად მოდიან და შედეგზე ამან გავლენა იქონია.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.

  © SBM, 2016-2024