თბილისმა პლეიოფი ოფიციალურად გაინაღდა!

ყველა სიახლე
25 ივლისი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მეთორმეტე ტურში თბილისმა ქუთაისის მართვეს უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 3:1 სძლია და ოთხეულში ადგილი გაინაღდა.

თბილისმა პირველი ტაიმი ბექა ონიანის სწრაფი გოლით მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრა. მეორე ნახევრის დასაწყისში კი ბაკურ გულუამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ოთარ ბერეჩიკიძემ და თამაზ გოგსაძემ გუნდი კვლავ დააწინაურეს და „ქუთათურები“ საბოლოოდ 3:1 დამარცხდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ონიანი, თბილისი:“მიხარია, რომ დავუბრუნდით ჩემპიონატს. პანდემიის გრძელვადიანი პერიოდი ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ რეჟიმში, ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში.  გამოვნახეთ ძალები და დღეს სასურველ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა, სიმართლე ვთქვა, იოლ გამარჯვებას ველოდით და არ გვეგონა თუ მართვე ამხელა წინააღმდეგობას გაგვიწევდა, ეს კი ძალიან დასაფასებელია. შემდეგი მატჩი ილიასთან გვაქვს, ვეცდებით დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ და ყურადღებით ვიყოთ.“

ბაკურ გულუა, მართვე:“პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ჩემპიონატის განახლებას. ფაქტობრივად, დარბაზში არ გვივარჯიშია არსებული პრობლემების გამო და გაგვიჭირდა დღეს, ვეცადეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით. ვულოცავ თბილისს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.“

ფუტსალის ლიგის მეთორმეტე ტური პრინციპული მეტოქეების დერბით, ილიაუნისა და თსუ-ს დაპირისპირებით დასრულდება.

  © SBM, 2016-2024