"უნივერსიტეტელებმა" თბილისთან სამი ქულა აიღეს!

ყველა სიახლე
06 მარტი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტურის შეხვედრებმა სტარტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის დაპირისპირებით აიღო.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „უნივერსიტეტელებმა“ ანგარიში პირველივე წუთზე სწრაფი გოლით გახსნეს, პირველი ტაიმიც მათი უპირატესობით 2-1 დასრულდა. ოცდამეორე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი გაიფორმა, თბილისმა მალევე ერთი ბურთის გაქვითაც მოასწრო, მაგრამ ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა და თსუ-მ 3:2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ:“ველოდით თბილისისგან წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ასეთს, ნამდვილად არა. წინა წლებთან შედარებით, პროგრესი ეტყობათ. შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გავაკეთეთ. ნაკლები შეცდომები დავუშვით მეტოქესთან შედარებით და ამის წყალობით მოვიგეთ.“

ბექა ონიანი, თბილისი:“ჩვენს გუნდში გარკვეული პერიოდია, რაც შემადგენლობის მხრივ ხშირი ცვლილებებია. მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი ტაქტიკები და კომბინაციები დავამუშაოთ, რასაც დრო სჭირდება და ჩვენს თამაშს ეტყობა. ბოლო ცვლილებებით საკმაოდ გავძლიერდით, მაგრამ ჯერ გამოცდილება გვაკლია. მომენტები ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ. ყველა მატჩს პასუხისმგებლობით ვეკიდებით, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი პლეიოფისთვის კარგ ფორმაში შესვლაა.“

მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში ილიაუნი თელასს შეხვდება.

  © SBM, 2016-2024