გორმა UG-ს უხვგოლიან შეხვედრაში სძლია!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2020


ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტური საქართველოს უნივერსიტეტისა და გორის დაპირისპირებით გაგრძელდა.

მატჩი ბოლო ათი წუთის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. „უნივერსიტეტელებმა“ ოთხბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა დაიწყეს, სხვაობა მინიმუმამდეც შეამცირეს, თუმცა დრო არ ეყოთ წონასწორობის აღსადგენად და უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 7:6 დამარცხდნენ. გორის რიგებიდან დავით ადუაშვილმა ჰეთრიკი შეასრულა, ორი ბურთია სპარტაკ ლომიძის ანგარიშზე. მათ დუბლით დავით ჩახუნაშვილმა უპასუხა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი უთარაშვილი, UG:”დღევანდელ მარცხს უიღბლობას დავაბრალებდი. გვეკუთვნოდა ნამდვილად გამარჯვება, მაგრამ შემადგენლობის მხრივ სიახლეები გვაქვს და ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, რათა უკეთ შევთამაშდეთ. დავხვეწავთ ჩვენი თამაშის სტილს და მომავლისთვის შეცდომებს გამოვასწორებთ.“

დავით ადუაშვილი, გორი: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ბოლო პოზიციაზეა, ველოდით ასეთ თამაშს, მათი წინა მატჩიდან გამომდინარე. მეტად მონდომებულები ვიყავით და ეს დაგვეხმარა სამი ქულის მოპოვებაში. მე პირადად, ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შევძელი, ვფიქრობ, რომ თამაშით ვაჯობეთ. შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობთ, მალე სპორტის სასახლეც გაიხსნება ჩვენთან და უფრო მეტად ვიმუშავებთ ჩვენს სუსტ მხარეებზე.“

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტურის დასკვნით მატჩში თსუ 2 პსპ-ს გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024