კსუ-მ უშუალო კონკურენტი დაამარცხა!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2020


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ით დაიწყო. ევროპის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. გუნდების პირველი წრის შეხვედრისგან განსხვავებით (6:4) მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა. კსუ მეთერთმეტე წუთზე წინ გიორგი ღავთაძის გოლით გავიდა. მეორე ნახევარში მერაბ ბოლოთაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი ლუკა ფარცვანიამ მიითვალა და EU საბოლოოდ უშუალო კონკურენტთან 4:1 დამარცხდა. კსუ-მ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ღავთაძე, კსუ: „ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში გვექნებოდა. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ და ჯერ შეთამაშება გვაკლია. დრო გვჭირდება, რომ კარგად დავამუშავოთ ის ტაქტიკები, რასაც მწვრთნელები გვასწავლიან. პირველი ტაიმი უფრო რთულად ჩავატარეთ, შემდეგ მოწინააღმდეგის შეცდომების ხარჯზე სამი გოლი გავიტანეთ. ამ ეტაპზე, პლეიოფში გასვლა მთავარი მიზანია და ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“

ფუტსალის ლიგა 2-ის სხვა შეხვედრებში გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, თსუ 2 კი სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერს, პსპ-ს გაეჯიბრება. დღეს ასევე გაიმართება ფუტსალის ლიგის მერვე ტურის მატჩები.

  © SBM, 2016-2024