ფუტსალის ლიგა VII ტურით განახლდება!

ყველა სიახლე
05 თებერვალი 2020


წარმატებული სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი 7 თებრვალს განახლდება. სატრანსფერო პერიოდი გუნდების ნაწილისთვის ცვლილების მომტანი აღმოჩნდა და ისინი მეშვიდე ტურს განახლებული შემადგენლობით ხვდებიან.

ფუტსალის ლიგა 2-ის სამივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე 7 თებერვალს უმასპინძლებს. 14:00 საათზე ჩემპიონატში პირველი ქულების აღებას საქართველოს უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტთან შეეცდება. 16:00 საათზე სტარტს თსუ 2-სა და გორის შეხვედრა აიღებს. „უნივერსიტელებმა“ პირველ წრეში მეტოქე სამბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს. მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში, რომელიც 20:30 საათზე გაიმართება, სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი, პსპ, მეორე პოზიციაზე მყოფ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ „ფარმაცევტები“ მიმდინარე სეზონში უდანაკარგოდ ასპარეზობენ.

რაც შეეხება ფუტსალის ლიგას, მეშვიდე ტური თბილისში 7 თებერვალს ილიაუნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური მატჩით დაიწყება, 8 თებერვალს კი ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდება. პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან და შეხვედრას სილკ უნივერსალი პირდაპირ ეთერში გააშუქებს. გუნდების პირველი მატჩი თსუ-ს უპირატესობით 2:1 წარიმართა. ქუთაისში 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელასს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „ენერგეტიკოსების“ რიგები რამდენიმე მოთამაშემ დატოვა და მათ საკადრო პრობლემები აქვთ. ქუთაისის მართვე 16:00 საათზე თბილისს დაუპირისპირდება და საკუთარ კედლებში წლევანდელ სეზონზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

Sbm.ge ფუტსალის ლიგის ცენტრალურ მატჩამდე გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ჩვენს ახალგაზრდულ შემადგენლობას გამოცდილი ფეხბურთელები შევმატეთ, თუმცა მათ უმრავლესობას დიდხნიანი პაუზა ჰქონდა და დრო დასჭირდებათ კონდიციების აღსადგენად. მთავარია, პლეიოფს ტრავმების გარეშე და ფორმის პიკზე შევხვდეთ. ილიამ თავისი ძალა თელასთან თამაშში კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მძიმე მატჩის მოლოდინში ვართ. ჩვენი მთავარი მიზანი არ შეცვლილა - პლეი ოფში მოხვედრა და შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება.“

ალიკ სარქისიანი, ილიაუნის მთავარი მწვრთნელი: „შესვენების პერიოდში ერთმა წევრმა დატოვა გუნდი, თუმცა ორი ახალი მოთამაშე დავიმატეთ და გარკვეული სიახლეები ამ მხრივ გვაქვს. ახალწვეულები, დანარჩენებივით ახალგაზრდები არიან და ჯერ გამოცდილება არ აქვთ. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე პლეი-ოფით შემოიფარგლება და ამიტომაც ჯერ-ჯერობით ფუნდამენტური ცვლილებები არ გვქონია შემადგნელობის მხრივ, განსხვავებით თსუ-სგან, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა. მათთან მარტივი თამაში არასდროს გვქონია, თუმცა ბურთი მრგვალია და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის ყველა მატჩის ლაივის ხილვა sbm.ge-ზე და ჩვენს ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი. თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და ქუთაისის სპორტის სასახლეში კი გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

  © SBM, 2016-2024