საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს!
ყველა სიახლესაქართელოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
F ჯგუფის დასკვნით მატჩში საქართელო კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდა, სადაც დამაჯერებლი ანგარიშით 6:1 იმარჯვა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივარმა განსაკუთრებულად ლამაზი გოლები იხილა. „ჯვაროსნებმა“ კომფორტული უპირატესობა პირველივე ტაიმში არჩილ სებისკვერაძის დუბლითა და სიმი საიოტის თავურით მოიპოვეს. სებისკვერაძემ ოცდამეცხრე წუთზე მესამე გოლიც შეაგდო. თამაშის დასრულებამდე კი თალესმა და ნიკოლოზ კურტანიძემ თითო ბურთი მიითვალეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს მთავარი მწვრთნელი:“ჯგუფის სხვა ნაკრებებთან შედარებით, აშკარად გამოჩნდა, რომ ერთი თავით მაღლა ვართ. მთავარი დავალება, ცხრა ქულით გასვლა, შესრულებულია, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი. გულშემატკივარიც შექებას იმსახურებს, მიუხედავად დროისა, მაინც მოვიდნენ და მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით, რასაც ასეთი თამაშებით ვპასუხობთ.“
რონინიო, საქართველოს ნაკრების ლეგიონერი:„პირველ რიგში, გულშემატკივრებს ვუხდი მადლობას. მიხარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებში თამაში. დიდი ხანია აქ ვარ და ყოველთვის მთელი გულით ვთამაშობ.“
ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი:“ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. მიხარია, რომ წარმატებულ გზას ვაგრძელებთ. ამ შესარჩევზე ფავორიტები ვიყავით და ძალიან ღირსეულად ჩავატარეთ შეხვედრები. შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფის გარეშე გავედით, იქ უკვე უფრო რთული წინააღმდეგობა გველის და მარტივი არ იქნება მოგება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ფუტსალს უდიდესი პოტენციალი აქვს და ასეთი გამარჯვებები ყველასთვის მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს.“
ჯგუფის სხვა შეხვედრაში გერმანიამ ავსტრიის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით 4-3 იმარჯვა, ექვსი ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და შესარჩევი ციკლის პლეი-ოფში გადავიდა, სადაც სხვა მეორე ადგილოსნებთან და ხუთ საუკეთესო მესამე ადგილოსანთან ერთად შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპისთვის ხელახლა იბრძოლებს.
მომდევნო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან ერთად დანარჩენი რვა პირველადგილოსანი, პლეი-ოფის შვიდი გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში გასული 16 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც ოთხგუნდიან ჯგუფებში 14 მაისს წილისყრის შედეგად გადანაწილდებიან და შეხვედრებს 2021 წლის თებერვლიდან დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ უეფას ახალი ფორმატით, ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს ორჯერ, შინ და სტუმრად, დაუპირისპირდებიან.
ფოტო: gff.ge