„ჯვაროსნებმა“ ავსტრიასთან დამაჯერებლად იმარჯვეს!

ყველა სიახლე
30 იანვარი 2020


ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას დიდი ანგარიშით 9:2 სძლია და ასპარეზობას ქულათა მაქსიმუმით განაგრძობს.

ქართველებმა მატჩი სწრაფი გოლით დაიწყეს და შესვენებას კომფორტული, ოთხბურთიანი უპირატესობით შეხვდნენ (6:2). არჩილ სებისკვერაძემ და სიმი საიოტიმ ჰეთრიკის გაფორმება პირველივე ნახევარში შეძლეს. მეორე ტაიმში კი ბრაზილიელმა ლეგიონერმა აქტივში კიდევ ერთი გოლი მიითვალა. შეხვედრის ბოლო ორი ბურთი თალესისა და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი მატჩი გიორგი ღავთაძემ ჩაატარა, რომელიც გუნდს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებიდან შემოუერთდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომეტარებს:

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:“კოსოვოსთან თამაშისთვის კარგი რეპეტიცია გამოგვივიდა. მთავარია, რომ ფინალამდე უდანაკარგოდ მივედით. ბიჭებმა, ის დავალებები, რაც მივეცი, შეასრულეს. მაგალითად, ვისაც უკვე ჰქონდა გაფრთხილება, მეორე ყვითელი ბარათისგან თავი უნდა დაეცვა და ასეც მოიქცნენ. მსგავსი შეზღუდვების მიუხედავად ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ“

გიორგი ღავთაძე, საქართელოს ნაკრების წევრი: „პირველი ოფიციალური თამაში მქონდა. სიტყვებით ვერ ავხსნი როგორი განცდა მქონდა პირველი შესვლისას. ძალიან დიდი ემოციით ვარ დატვირთული. ბოლო მეტოქე კოსოვოს ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ ძლიერია. ვეცდებით ქულათა მაქსიმუმით გავიდეთ ჯგუფიდან.“

არჩილ სებისკვერაძე, საქართველოს ნაკრების წევრი: „ჩვენი დასკვნითი მეტოქის თამაში დღეს განვიხილეთ გერმანიასთან მატჩის პროცესში და მათზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმენით. საკმაოდ მობილიზებული ნაკრებია, ბევრს მოძრაობენ, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ცხრა ქულით პირდაპირ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.“

F ჯგუფის მეორე შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. კოსოვოს ნაკრები გერმანიას ოცდამეათე წუთამდე მინიმალური სხვაობით 4:3-ს ამარცხებდა, თუმცა თამაშის დასრულებამდე გერმანელებმა წონასწორობა აღადგინეს და მეტოქეს საბოლოოდ 8:4 სძლიეს.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 1-ლ თებრვალს კოსოვოს წინააღმდეგ 22:00 საათზე გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2024