ქართველი ფუტსალელები საზღვრებს გარეთ!

ყველა სიახლე
15 იანვარი 2020


ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც აქტიურ ფაზაშია გადასული. სატრანსფერო პერიოდი სიახლეების მომტანი გამოდგა ქართველი მოთამაშეებისთვის. რამდენიმე ფეხბურთელმა ეროვნული ჩემპიონატიდან უცხოეთში გადაინაცვალა, გამოცდილმა ლეგიონერებმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტეს, ზოგი კი უკვე კარგად ნაცნობ გარემოში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

sbm.ge ქართველ ლეგიონერებს მათი სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისღებად დაუკავშირდა.

უახლოესი ტრანსფერები საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თელასი ჯორჯიანსის რიგებიდან განხორციელდა. ნუკრი ჭუმბურიძე პოლონეთში წავიდა და „რედ დრაგონს პნიუის“ შეუერთდა, სადაც იგი TMC თბილისის ყოფილ წევრ, გიორგი   სილაგავასთან ერთად იასპარეზებს. მათ ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი უკვე   ჩაატარეს და გიორგი სილაგავამ თავი გამარჯვების გოლით გამოიჩინა.

გიორგი სილაგავა: „პირველ რიგში, მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. პირველად არ ვასპარეზობ საზღვრებს გარეთ, ამიტომ არ გამჭირვებია ადაპტაცია. პოლონეთში ძლიერი ჩემპიონატია, ჩვენი გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და გასულმა სეზონმა მძიმედ ჩაიარა. გუნდის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ყველაფერს   გავაკეთებთ. ახლახანს შემოგვიერთდა ნუკრი ჭუმბურიძეც. ახალი სეზონი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან გასვლითი მატჩის მოგებით დავიწყეთ. ჩემი სადებიუტო გოლით გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მახარებს და  მომავლისთვის მეტ მოტივაციას მაძლევს. ხელშეკრუკება მაისის ბოლომდე მაქვს გაფორმებული და ამ პერიოდში მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტ.“

თელასი დატოვა ასევე ირაკლი თოდუამაც, რომელიც გუნდს 2019/20 წ.წ. სეზონის დასაწყისში შემოუერთდა. მან კვიპროსში „აეკი ლარნაკაში“ გადაინაცვლა.

 

ირაკლი თოდუა: „სეზონის დაწყებამდე მქონდა გადაწყვეტილი, რომ იანვარში საზღვარგარეთ წავიდოდი, ამის შესახებ თელასშიც ყველამ იცოდა. ახალი გუნდი გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ჩემპიონატში გამარჯვებისთვისაც 4-5 კლუბი იბრძვის - აქ ბრაზილიელი ლეგიონერი ყველას ჰყავს. საქართველოს ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ პირველი წრე დასრულდა, თუმცა ცხრილში ლიდერები უკვე გამოიკვეთნენ და მთავარი ფავორიტები სწორედ ისინი არიან. თელასს, რა თქმა უნდა, წარმატებებსა და ტიტულის შენარჩუნებას ვუსურვებ.“

 

გუნდის შეცვლა გადაწყვიტა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშემ, არჩილ სებისკვერაძებ, იგი კარიერას ჩეხური სვაროგიდან ხორვატიაში, „ცრნიცაში“ (Crnica) განგრძობს.

 

 

არჩილ სებისკვერაძე: „გასული სეზონი კლუბურ დონეზე წარმატებული არ გამოდგა. ასევე იყო ნაკრების შემთხვევაშიც, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი ციკლის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩეხეთში პროფესიონალურ გუნდში არ ვთამაშობდი და შუა სეზონში ამიტომაც დავტოვე იქაურობა. ჩემი ახალი გუნდი სატურნირო ცხრილში სამი ქულით ჩამორჩება ლიდერს და მეოთხე პოზიციას იკავებს. კლუბის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მეტი მოტივაცია მომეცა, რადგან კარგი გეგმები აქვთ და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. 2 თებერვალს დავიწყებ მათთან ერთად ასპარეზობას და მსურს, ჩემი ძალები ხორვატიის ტურნირშიც გამოვცადო.“

რაც შეეხება სხვა ქართველ ლეგიონერებს, კახა მაისაიამ თელასი ზაფხულში დატოვა და  „სალინესში“, ბოსნია-ჰერცოგოვანიაში გადაინაცვლა. საქართველოს ჩემპიონატის 2018/19 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, ვახტანგ კეკელიამ „სორო კომპანის“ რიგებში TMC თბილისში თანაგუნდელ მალხაზ მურცხვალაძესთან ერთად ტაჯიკეთის ჩემპიონატი მოიგო. გია ნიკვაშვილი კი მალტაში, კვლავ „ვალეტას“ რიგებში თამაშობს.

„გაზპრომ იუგრაში“ განაგრძობს ასპარეზობას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზვიად კუპატაძე. მან რუსეთის სუპერლიგაში უკვე 22-ე გოლი გაიტანა, რაც მეკარეებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

ზვიად კუპატაძე: „გასულ სეზონში ბევრი დასანანი მარცხიც იყო და სასიამოვნო გამარჯვებაც. შემოდგომაზე მსოფლიოს შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე ასპარეზობა კარგად დავიწყეთ. ესპანეთთან ნაჩვენები შედეგი და იტალიასთან ფრე, ვფიქრობ, ქართული ფუტსალისთვის გამორჩეულად საამაყოა.

გვქონდა შანსი, მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის გვეთამაშა, თუმცა რუმინეთთან გამოუცდელობის გამო დავმარცხდით, ფინეთთან კი დიდი გავლენა იქონია მსაჯის გადაწყვეტილებებმა. ამის შემდეგ, ბელგიასთან დადებითი შედეგი ვაჩვენეთ, რაც იმის გამოხატულებაა, რომ მზად ვართ, კვლავ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.

რაც შეეხება კლუბურ დონეს - რუსეთის თასი მოვიგეთ და რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დავიკავეთ. სამწუხაროდ, პლეიოფის დასაწყისში ტრავმა მივიღე და გუნდი 1/4 ფინალში რუსეთის ჩემპიონატს გამოეთიშა.

ამჟამად, რუსეთის სუპერლიგაში პირველ ადგილზე ვართ და თასის ნახევარფინალშიც გავედით. გვინდა, როგორც შარშანწინ, დუბლი შევასრულოთ - თასი და ჩემპიონატი ერთად მოვიგოთ. 22-ე გოლი გავიტანე აქაურ ტურნირში და ყოველი მომდევნო გოლით სუპერლიგაში ახალი რეკორდი მყარდება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

იანვრის ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყვას - გერმანიის, ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებები. ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს სპორტი თვითდაჯერებულობას არ პატიობს და ვერ მოვდუნდებით. ნაკრების თითოეული წევრი თავს არ დაზოგავს და გპირდებით, რომ საქართველოს თამაშით სიამოვნებას მიიღებთ, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, პირველივე დღიდან გაავსონ დარბაზი.“

შეგახსენებთ, რომ ფუსატლის ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში 29 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველო F ჯგუფში, გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად მომდევნო ეტაპზე გასასვლელი ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

  © SBM, 2016-2024