ფუტსალის ლიგა 2-ში პსპ უდანაკარგოა!
ყველა სიახლე29 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ლიგა 2-ს მეოთხე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.
წლის დასკვნითი სათამაშო დღე, „საუნივერსიტეტო დერბით“ დაიწყო, რომელშიც თსუ 2 საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 3:2 დაამარცხა. ნუგზარ იორდანიშვილის და პაატა ლიპარტელიანის ავტოგოლს, გამარჯვებულთა მხრიდან საბა ეგრისელაშვილმა, გივი მარტყოფლიშვილმა და დავით ხეჩიკაშვილმა უპასუხეს.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა ტურის მორიგი დაპირისპირება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გორის გუნდებს შორის, რომელიც კსუ-ს გამარჯვებით 4:3 დასრულდა. დავით ადუაშვილის და ნიკოლოზ სულთაშვილის გოლებით, გორელები ორჯერ იყვნენ წინ, თუმცა ლუკა ფარცვანიას და აკაკი შაველაშვილის საპასუხო შედეგიანი დარტყმებით ორჯერვე აღდგა წონასწორობა. ამის შემდეგ გიორგი ცერცვაძემ კსუ დააწინაურა კიდეც, რასაც უკვე დავით ტლაშაძის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, გარი წრეთელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა თავისიანებს.
უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი პსპ, რომელმაც ტურის დასკვნით შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი დაამარცხა დიდი ანგარიშით 8:1. „ფარმაცევტების“ რიგებში ოთხი გოლით ნიკოლოზ კურტანიძე გამოირჩა.
ფუტსალის ლიგა 2, 12 იანვარს, თბილისის ოლმპიურ სასახლეში განახლდება