თსუ 2-მა პირველი გამარჯვება მოიპოვა!

ყველა სიახლე
13 დეკემბერი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გორისა და თსუ 2-ის დაპირისპირებით დაიწყო.

მატჩის პირველი ნახევარი „უნივერსიტეტელების“ სასარგებლოდ წარიმართა. მეორე ტაიმში გორმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა, თუმცა წონასწორობა ვერ აღადგინა. ალექსი ტაკოჩოვის გაფორმებული დუბლის შემდეგ თსუ 2-მა უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა და საბოლოოდ 5:2 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლაშა ბალიაშვილი, გორი: „დებიუტანტი გუნდი ვართ და პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. ახლა თამაშის ხარისხი მეტად გავაუმჯობესეთ. რამდენიმე დასანანი შეცდომა დავუშვით, რამაც საბოლოო ანგარიშზე იმოქმედა. მოწინააღმდეგეს ვულოცავ გამარჯვებას. დაცვაში კარგად იდგნენ და შეტევების განვითარება გვიჭირდა. ვივარჯიშებთ და მომავალ მატჩებში უკეთ ვითამაშებთ.“

ალექსი ტკაჩოვი, თსუ2: „ბოლო წუთებამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მოწინააღმდეგემ ბოლომდე იბრძოლა. გაგვიმართლა და მატჩის მიწურულს ისეთი გოლი გავიტანეთ, რომლითაც თამაშზე კონტროლი დავიბრუნეთ. მეტოქე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო. ჩვენ უმეტესობა სტუდენტები ვართ და მათთან ორთაბრძოლებში შესვლა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება.“

დღის განმავლობაში ფუტსალის ლიგის მეორე ტურის შეხვედრებში თელასი ბსუ-ს, თბილისი ქუთაისის მართვეს, ილიაუნი კი თსუ-ს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024