თსუ-მ ფუტსალის ლიგა მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2019


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის დაპირისირებით დაიწყო.

დაძაბული შეხვედრის პირველმა ნახევარმა ფრედ 2:2 ჩაიარა. მატჩის განახლებიდან მეშვიდე წუთზე თსუ დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე დავით გეგეშიძემ დუბლი გაიფორმა და „უნივერსიტეტელებმა“ მეტოქე 4:2 დაამარცხეს. თბილისის რიგებიდან ორივე გოლი გიორგი ჩოხელის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისის მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველას სეზონის დაწყებას. ინტენსიურად ვემზადებოდით ახალი სეზონისთვის. რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ, რომელთაც ცოტა გამოცდილება აკლიათ და ეს დღეს გამოჩნდა, მაგრამ ეს ნაწილი დროთა განმავლობაში გამომუშავებადია და მომავალში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, შარშანდელი თასის გამარჯვებული და ჩემპიონატის მესამე ადგილოსანია. ვფიქრობ, ღირსეულად ვიბრძოლეთ და ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ.“

მიხეილ თევზაძე, თსუ: „დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველი თამაში ყოველთვის უფრო რთულია. როგორც ყოველთვის, საკმაოდ ნაყოფიერად ვემზადებოდით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელთან ერთად გავაანალიზეთ დაშვებეული შეცდომები, გავითვალისწინეთ დარიგებები და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.“

ფუტსალის ლიგის პირველი ტურის სხვა შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლიგაში დებიუტანტ ილიაუნის გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024