ევროპის უნივერსიტეტმა მოქმედ ჩემპიონთან ქულა აიღო!

ყველა სიახლე
06 დეკემბერი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონმა სტარტი აიღო.

ფუტსალის ლიგა 2 მოქმედი ჩემპიონის, თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბული „საუნივერსიტეტო დერბის“ პირველი ტაიმი თსუ-ს სასარგებლოდ 2:1 წარიმართა, თუმცა თამაშის განახლებიდან მეთერთმეტე წუთზე EU-მ ანგარიში გაათანაბრა და წონასწორობის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა. მატჩი საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ 2-ის მთავარი მწვრთნელი: „მიუხედავად იმისა, რომ თსუ 2 შარშანდელი ჩემპიონია, გუნდის მთლიანი შემადგენლობა შეიცვალა და უფრო დებიუტანტად მოვიაზრებდი ჩვენს თავს. ჩემპიონატის დაწყებამდე აქცენტი სამომავლო გეგმებზე გავაკეთეთ. დღევანდელი მეტოქე შედარებით გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ვიცოდით, რომ წინააღმდეგობა დიდი იქნებოდა. ორჯერ ვიგებდით, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება, ისევ და ისევ, ჩვენი შეცდომების გამო ვერ მოვახერხეთ. მომავალისთვის ვეცდებით დაცვაში ხარვეზების აღმოფხვრას და მომენტების მეტად რეალიზებას.“

რევაზ ქარჩხაძე, EU-ს მენეჯერი: „ვულოცავ ყველას ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენი გუნდი წელს ჩაერთო ამ ლიგაში, შესაბამისად დაძაბულობა დიდი იყო. პირველივე მეტოქედ მოქმედი ჩემპიონი შეგვხვდა. ვფიქრობ, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო, თუმცა ეს ქულაც  არანაკლებ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები ვართ, მაინც დიდი მიზნები გვაქვს და შევეცდებით სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ.“

დღის ბოლომდე კსუ UG-სა და გორი - პსპ-ს დაპირისპირება გაიმართება. ასევე, თსუ თბილისის შეხვედრით სტარტს აიღებს საქართველოს ფუტსალის ლიგაც.

  © SBM, 2016-2024