ფუტსალის ლიგა 2-ში დებიუტანტები ერთვებიან!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2019/20 წ.წ. სეზონი 6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.
ამასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.
ფუტსალის ლიგა 2-ში 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.
სეზონი 6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე თსუ 2-სა და დებიუტანტი ევროპის უნივერსიტეტის შეხვედრით აიღებს სტარტს. 15:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი პსპ ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორს გაეჯიბრება.
Sbm.ge გთავაზობთ წილისყრის შემდგომ კომენტარებს:
კონსტანტინე ჯავახიშვილი, პსპ-ს მენეჯერი: „პროფესიონალურ ლიგაში უკვე ერთწლიანი გამოცდილება გვაქვს. ის შეცდომები, რაც შარშან დავუშვით, შევეცდებით არ გავიმეოროთ. პირველი თამაშისთვის, როგორც ყველა, მობილიზირებულები ვიქნებით. სეზონის გამარჯვებით დაწყება მეტოქის სურვილიცაა, თუმცა პსპ-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩემპიონატში ახალი გუნდების გამოჩენა სასიხარულოა, განსაკუთრებით უნივერსიტეტების სახით. უნდა აღვნიშნო, რომ გაზაფხულზე თასის გათამაშებას განსაკუთრებით ველით.“
დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „შარშან თსუ-ს ორივე გუნდს წარმატებული სეზონი ჰქონდა - სადებიუტო ჩემპიონატში მესამე ადგილი, საქართველოს თასი და ლიგა 2-ის ტიტული. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შევძელით. ორივე გუნდში თითქმის სრული შემადგენლობის განახლება მოგვიწია. ჩვენზე ძლიერ გუნდებს, როგორიცაა თელასი და ილიაუნი, ვეცდებით მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ და ეს სეზონი სამომავლო პერსპექტივებისთვის გამოვიყენოთ. ორივე ლიგაში, ჩვენი მთავარი მიზანი, პლეი ოფში გასვლა იქნება.“