2019/20 წ.წ. სეზონის წინა შეფასებები!

ყველა სიახლე
04 დეკემბერი 2019


6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სტარტს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წ.წ სეზონი აიღებს.

ამასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს. ორ მოგებამდე გაგრძელდება „ბრინჯაოს ფინალი“ .

ფუტსალის ლიგა 6 დეკემბერს, 17:00 საათზე, თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თელასი, ლიგა 2-დან გადმოსულ ილიაუნის დაუპირისპირდება. 7 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივ მართვეს დაუპირისპირდება.

Sbm.ge გთავაზობთ წილისყრის შემდგომ კომენტარებს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „პირველი თამაში ილიაუნისთან გვიწევს, ვფიქრობ, ეს გუნდი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია და ამიტომ მარტივი მატჩი არ იქნება. ამასთანავე, სეზონის პირველი შეხვედრა ყოველთვის მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული. საერთო ჯამში, სასიხარულოა ჩემპიონატის დაწყება და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.“

პეტრე წულუკიძე, ილიაუნის მენეჯერი: „შარშან ფუტსალის ლიგა 2-ში გამოვდიოდით და ასევე თასის გათამაშებაშიც ჩავერთეთ. უმაღლესი ლიგისთვის რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ და აქტიურად ვემზადებოდით ახალი გამოწვევისთვის. ძალიან დატვირთული სეზონი გველის, ყველა მეტოქე, გარვეულწილად, გაძლიერდა. მათაც სერიოზული გეგმები აქვთ. ჩვენ ვეცდებით, რომ მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში შევიდეთ.“

მალხაზ გედევანიშვილი, SBM-ის გენერალური მენეჯერი: „ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოვა. ალბათ, გამოკვეთილი ფავორიტი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა არ გამოვრიცხავ მოულოდნელობებს. ყველაზე მეტად გულშემატკივარი იხეირებს სანახაობით. დებიუტანტი გუნდები გვყავს და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემპიონატს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დაგვიანებით გვიწევს სეზონის დაწყება, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მეტი გამოწვევა გვაქვს, რომ მაყურებელმა უკეთესი ფუტსალის ლიგა იხილოს.“

  © SBM, 2016-2024