საქართველოს ნაკრებმა მეინ-რაუნდი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
24 ოქტომბერი 2019


საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელ პოლონეთთან იმარჯვა.

მატჩი ქართველთა უპირატესობით წარიმართა. თალესმა მეცხრე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა მეტოქემ საპასუხო გოლები მალევე გაიტანა და პირველი ტაიმი, პოლონელების სასარგებლოდ, 2:1 დასრულდა. ფუმასამ თამაშის განახლებისთანავე მოახერხა წონასწორობის აღდგენა. ჯვაროსნებმა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება კი, თალესის მიერ გაფორმებული დუბლით შეძლეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მასპინძლები საბოლოოდ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარს:

ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "მიუხედავად შედეგისა, პირველი ტაიმი მოწინააღმდეგის უპირატესობით ნამდვილად არ წარმართულა. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ბიჭებმა სასწაულად ითამაშეს. მეორე ნახევარში ბურთის ფლობა დავთმეთ, რადგან კონტრშეტევაზე ავაგეთ თამაში. ძალიან ბევრი მომენტიც შევქმენით და ურთულეს მატჩში ვიმარჯვეთ. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, საქართველოს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჰქონია."

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე ჯგუფის ფავორიტი ესპანეთია. მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

  © SBM, 2016-2024