საქართველოს ჩემპიონისთვის ევროტურნირი დასრულდა!

ყველა სიახლე
13 ოქტომბერი 2019


თელასმა ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში ასპარეზობა ექვსი ქულით დაასრულა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ელიტ რაუნდის საგზური კი, იტალიურმა "პეზარომ" მოიპოვა - ქართველებმა ერთადერთი მატჩი სწორედ მათთან დათმეს.

„ენერგეტიკოსები“ დასკვნით შეხვედრაში გერმანიის წარმომადგენელ „უეილიმდორფს“ დაუპირისპირდნენ და სოლიდური ანგარიშით 6-2 იმარჯვეს. ამირან ცხომარიას მიერ თავდაპირველად მოპოვებული უპირატესობის აღმოფხვრა მეტოქემ მოახერხა, თუმცა შემდეგ ქართველები კვლავ დაწინაურდნენ. გატანილი გოლები ჯანო გიორგაიას, ნუკრი ჭუმბურიძისა და შოთა თოფურიას ანგარიშზეა. დუბლი ირაკლი თოდუამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, იტალიის გუნდთან ასპარეზობა ძალიან რთული იქნებოდა, რაც შედეგზე აისახა კიდეც. ვფიქრობ, მეინ რაუნდში ექვსი ქულა ძალიან კარგია ჩვენი გუნდისთვის. მოთამაშეების ძალისხმევით კმაყოფილი ვარ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგ მოწინააღმდეგეს მოვუგეთ, გერმანიის ჩემპიონის სახით. მინდა აღვნიშნო, რომ მათ გუნდში შვიდი, საკმაოდ ძლიერი, ხორვატი თამაშობდა. ასეთ კარგ მეტოქესთან გამარჯვება კი, წარმატებაა.“

  © SBM, 2016-2024