გადამწყვეტი ბრძოლის წინ!

ყველა სიახლე
27 ივნისი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონი კულმინაციას მიუახლოვდა. დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი მატჩების შემდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დრო დადგა. საჩემპიონო სერიის ოთხი შეხვედრა საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად და მთავარი ტიტულის მფლობელის ვინაობა, TMC თბილისსა და თელასს შორის, მეხუთე თამაშში გაირკვევა.

TMC თბილისი უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც ფინალურ სერიაში დასკვნით შეხვედრას ატარებს - მას პირველად ჩემპიონობის დათმობა სწორედ თელასთან მოუწია, გასულ წელს კი, კოლხი გულრიფშთან გამართული დუელი მათ სასარგებლოდ დასრულდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ფუტსალის ლიგის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ - აქედან,  TMC-მ 10 შეხვედრაში იმარჯვა (სამ მათგანში დამატებით დროში), 6-ში დამარცხდა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. მიმდინარე სეზონში, თელასისა და „მედიკოსების“ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია, მათ სამ-სამი მოგება აქვთ, რაც ფინალისტებს შორის ძალთა თანაფარდობაზე კიდევ უფრო მეტყველებს და პარასკევს გამარჯვებული გუნდი 2018/19 წლების სეზონის საუკეთესოს ვინაობას სრული პირდაპირობით ასახავს.

მეოთხე ფინალურ დაპირისპირებაში, მიუხედავად მაღალი დინამიკისა, TMC-სა და „ენერგეტიკოსების“ ყველა მოთამაშემ, ვისაც ყვითელი ბარათების გამო მომდევნო შეხვედრის გამოტოვება ემუქრებოდათ, მოახერხეს და მატჩი გაფრთიხილების გარეშე ჩაატარეს. შესაბამისად, დასკვნით ბრძოლაში ბარათების გამო დანაკლისი არც ერთ გუნდს არ ექნება.

მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ უნივერსალზე შეეძლება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

  © SBM, 2016-2024