საქართველოს ჩემპიონის ვინაობა მეხუთე შეხვედრაში გაირკვევა!

ყველა სიახლე
25 ივნისი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის საჩემპიონო სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. TMC თბილისმა დაძაბულ მატჩში თელასს 2:1 სძლია, სერიაში ანგარიში კვლავ გათანაბრდა და საქართველოს ჩემპიონი გადამწყვეტ ბრძოლაში 28 ივნისს გამოვლინდება.

პირველ ტაიმში „მედიკოსების“ დაწინაურება გიორგი სილაგავამ მოახერხა. მეცხრამეტე წუთზე კახა მაისაიამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის საწყისიდან ორივე გუნდი გარისკვისგან თავს იკავებდა. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე კი ვახტანგ კეკელიამ გამარჯვების გოლის გატანა შეძლო. დარჩენილი დრო თელასისთვის თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

კახა მაისაია, თელასი: „ფინალია, მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან ძლიერია. დინამიკური თამაში იყო. ორივე გუნდს ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ დღეს ფორტუნა TMC თბილისის მხარეს აღმოჩნდა. მარცხი ყოველთვის სამწუხაროა, მით უმეტეს, ასეთი სანახაობრივი მატჩისას. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დასანანი შეცდომა დავუშვით და ამიტომ წავაგეთ, თუმცა მეორე ტაიმში ცოტა მოვდუნდით, პასიურები გავხდით. ვფიქრობ, ეს შედეგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მოვბილიზდებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის.“

ვახტანგ კეკელია, TMC: “ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას. მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე და მოხარული ვარ, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მთავარი ის იყო, რომ ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩემპიონის ბედს მეხუთე თამაში გადაწყვეტს. საკმაოდ მძიმე ტრავმები აწუხებთ გუნდის წევრებს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. გამარჯვების გოლის აღნიშვნაზე წინასწარ შევთანხმდით და ცალ თვალზე ხელის აფარება, ჩვენი პოზიციის ერთგვარი გამოხატვა იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC-ის მთავარი მწვრთნელი: “სერიაში 2-1-ს ვაგებდით და ფსიქოლოგიურად თელასი უკეთეს მდგომარეობაში იყო. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. თანაბარი გუნდები ვართ და ამიტომაც გახდა მეხუთე შეხვედრაც საჭირო. ყველაფერს ნიუანსები წყვეტს და ის გაიმრჯვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. ზამთრიდან მოყოლებული შემადგენლობის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ვინც არიან, ბოლომდე იბრძვიან და თავს არც აწი დაზოგავენ.“

ფუტსალის ლიგის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრას, თბილისის ოლიმპიური სასახლე 28 ივნისს უმასპინძლებს.

  © SBM, 2016-2024