ფუტსალის ლიგა: გოლები, რეკორდები და სუპერ მატჩი!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2017


24 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის პირველი წრის დასკვნით, IX ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე წარიმართა. ცალკე საუბრის თემაა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა მიმდინარე ჩემპიონატში.

პირველები პარკეტზე იბსუ და თბილისი გავიდნენ. შეხვედრა განსაკუთრებული ორთაბრძოლის გარეშე წარიმართა და საბოლოოდ „დედაქალაქელების“ დამსახურებული გამარჯვებით 6:2 დასრულდა. მიუხედავად მოგებისა, ამ მატჩს „თბილისისთვის“  უდანაკარგოდ არ ჩაუვლია - შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, მათმა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვასილ მარუაშვილმა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში წითელი ბარათი მიიღო და გუნდს მომდევნო ტურში, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მორიგი,  დამაჯერებელზე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ფავორიტმა, მფკ ტატიშვილმა, რომელმაც აფხაზეთს გამანადგურებელი ანგარიშით 15:1 სძლია.  „მედიკოსთა“ რიგებში დუბლით ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი გამოირჩა - შოთა ჭანუყვაძე, გიორგი თოთლაძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა და ლაშა სიგუნავა. ამ უკანასკნელის ანგარიშზე, ორ გატანილ გოლთან ერთად, ოთხი შედეგიანი გადაცემაა.

ხანგრძლივი წარუმატებლობის შემდეგ, მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება იზეიმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბმა, რომელმაც მასსავით სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ თბილისი ვარიორსს 9:2 მოუგო. ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით, სეზონის ახალი რეკორდი დაამყარა „ბათუმელი სტუდენტების“ ლიდერმა გიორგი მამულაძემ, რომელმაც ამ შეხვედრაში 6-ჯერ(!!!) შეძლო თავის გამოჩენა  და ერთი ბურთით გააუმჯობესა მფკ მგლების ფეხბურთელის, სერგი მაჭარაშვილის მიღწევა.

სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია კიდევ ერთ ფავორიტს, სტუ-თელასს. ავთანდილ ასათიანის შეგირდები მფკ მგლებს დაუპირისპირდნენ და 13:2 დაამარცხეს მეტოქე. სამი გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა „ენერგეტიკოსების“ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, შოთა თოფურია. 2-2 გოლი კი ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის - ავთანდილ ასათიანის, გიორგი სოზაშვილის, რასიმ კურბანოვის, კარლო წვერავას და კახა მაისაიას ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში სეზონის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა - „თელასის“ მოთამაშე-მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ერთ მატჩში შესრულებული შედეგიანი გადაცემების უპროცედენტო მაჩვენებლი დააფიქსირა -  6-ჯერ (!!!) გაატანინა პარტნიორებს.  

სათამაშო დღე, ამჯერადაც ტურის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და დინამო ბათუმი დაუპირისპირდნენ. ამ ტურამდე გუნდები 15-15 ქულით III-IV ადგილებს იყოფდნენ და შესაბამისად საუკეთესო ოთხეულში პოზიციების გასამყარებლად, ამ დაპირისპირებას ორივე მათგანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩმა მოლოდინი სრულად გაამართლა და გულშემატკივარმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იხილა. 

ანგარიში აგორას ფეხბურთელებმა მატჩის მე-17 წამზე გახსნეს, ნიკოლოზ ჭიაბერაშვილის დარტყმას როკოშეტი მოყვა - 1:0. წუთზე ნაკლებ დროში ნიკოლოზ დაჩანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0.  40 წამში უკვე დინამოელებმა მიიღეს სხვაობის შემცირების რეალური შანსი, თუმცა არმენ გალოიანმა 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. 5 წუთში, „შავიზღვისპირელებმა“ მაინც შეძლეს დამსახურებული გოლის გატანა, გოჩა მახარაძის ბრწყინვალე პასით, თავი დავით ჩაჩხუნაშვილმა გამოიჩინა - 2:1. ამის შემდეგაც ბათუმლები ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა გოლის მაინც საკუთარ კარში მიიღეს. გია ნიკვაშილმა სტატუსკვო აღადგინა - 3:1. დინამოელები კვლავ განაგრძობდნენ იერიშებს, თუმცა ბოლო ფაზაში სცოდავდნენ და საბოლოოდ ტაიმიც ასევე დასრულდა.  თუკი პირველ ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარში დინამოელები სრულ უპირატესობას დაუფლნენ და მთელი 20 წუთის განმავლობაში, ფაქტიურად შანსიც კი არ მიუციათ მეტოქისთვის. 23-ე წუთზე აგორას კარში კიდევ ერთი 6 მეტრიანი დაინიშნა. ამჯერად გოჩა მახარაძემ შეძლო მისი გოლად გარდასახვა - 3:2. ამის შემდეგ აჭარლებმა სრული უპირატესობის ფონზე, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა  ვერცერთი მათგანის გამოყენება ვერ მოახერხეს და დასანანი და  დაუმსახურებელი მარცხი იწყვნიეს - 3:2. მეტოქეს კი შანსი მისცეს სატურნირო ცხრილში სამი ქულით დაწინაურებულიყო.

 

22.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. IX ტური

მფკ იბსუ - მფკ თბილისი 2:6 (0:5)

გოლები:  06:28’ მარუაშვილი (0:1), 10:14’ ჯოხაძე (0:2), 11:19’ კირთაძე (0:3), 18:48’ ჯანგავაძე (0:4), 19:10’ ჯანგავაძე (0:5), 30:13’ ესებუა (1:5), 38:34’ მხითარიანი (1:6), 39:45’ ჩიმაკაძე (2:6)

გაფრთხილება: 31:32’ რეხვიაშვილი (თბ)

გაძევება: 39:32’ მარუაშვილი (თბ)

 

მფკ ტატიშვილი  - მფკ აფხაზეთი  15:1 (6:1)

გოლები: 01:30’ სიგუნავა (1:0), 09:22’ ქეშელაშვილი ს.კ (2:0), 09:38’ ჭანუყვაძე (3:0), 11:19’ ბობოხიძე (4:0), 13:52’ მურცხვალაძე (5:0), 16:18’ კვარაცხელია ს.კ (6:0), 16:59’ კვარაცხელია (6:1), 21:58’ კაკაბაძე (7:1), 25:10’ ბობოხიძე (8:1), 26:30’ თოთლაძე (9:1), 28:20’ კეკელია (10:1), 33:24’ ლუკავა (11:1), 37:10’ თოთლაძე (12:1), 38:36’ სიგუნავა (13:1), 39:06’ ჭანუყვაძე (14:1), 39:32’ ლუკავა (15:1)

 

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ ბსუ (ბთ) 2:9  (1:4)

გოლები: 02:22’ ბიკეტიე ბერტრანი (1:0), 03:04’ მამულაძე (1:1), 03:52’ მამულაძე (1:2), 16:13’ მამულაძე (1:3), 19:31’ მამულაძე (1:4), 23:13’ გაბუნია (1:5), 24:24’ ჯალაღანია (1:6), 31:36’ ჯალაღანია (1:7), 38:57’ მამულაძე (1:8), 39:32’ ფიჩხაძე (2:8), 39:50’ მამულაძე (2:9),

გაფრთხილება: 03:45’ ბიკეტიე ბერტრანი (ვარ), 39:47’ მუხაშავრია (ბსუ)

გაძევება: 39:47’ ფიჩხაძე (ვარ)

 

მფკ მგლები  - მფკ სტუ-თელასი 2:13 (1:5)

გოლები: 0:35’ მაისაია (0:1), 01:07’ თოფურია (0:2), 03:42’ მაისაია (0:3), 12:17’ ასათიანი (0:4), 13:02’ ძაგანია (1:4), 15:58’ წვერავა (1:5), 21:02’ თოფურია (1:6), 26:17’ მაჭარაშვილი (2:6), 27:00’ კურბანოვი (2:7), 31:14’ სოზაშვილი (2:8), 35:28’ კურბანოვი (2:9), 37:44’ თოფურია (2:10), 38:08’ წვერავა (2:11), 38:53’ სოზაშვილი (2:12), 39:45’ ასათიანი (2:13)

გაფრთხილება: 39:42’ ინანეიშვილი (მგლ)

 

მფკ აგორა - მფკ დინამო (ბთ) 2:3 (1:3)

გოლები: 0:17’ ჭიაბერაშვილი (1:0), 01:05’ დაჩანიძე (2:0), 06:13’ ჩაჩხუნაშვილი (1:2), 10:56’ ნიკვაშვილი (1:3), 22:44’ გ.მახარაძე 6მ. (2:3)

გაფრთხილება: 01:48’ დაჩანიძე (აგო), 22:51’ ალავიძე (აგო), 32:55’ გეგეშიძე (აგო)

 

ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 18, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 17, შოთა თოფურია (თელასი), მელტონ ახალაია (აფხაზეთი) – 13, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) – 12

 

ჩემპიონატის მეორე წრე, 28 თებერვალს ბათუმში გასამართი X ტურის შეხვედრებით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს ბსუ - აგორა და დინამო - თელასი დაუპირისპირდებინა. ტურის კიდევ სამი დაპირისპირება 3 მარტს თბილისი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

  © SBM, 2016-2024