თელასმა სერიაში წონასწორობა აღადგინა!

ყველა სიახლე
14 ივნისი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის საჩემპიონო სერიაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, TMC თბილისსა და თელასს შორის გამართულ მეორე დაპირისპირებაში „ენერგეტიკოსებმა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვეს. შეხვედრაში ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე გიორგი სილაგავამ გახსნა და „მედიკოსები“ დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. ბევრი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, შოთა თოფურიამ შეძლო და „ენერგეტიკოსები“ წინ გაიყვანა. ბოლო წუთებზე TMC განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა ანაგრიშის შეცვლა ვერ მოახერხა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თემურ ექიზაშვილი, TMC თბილისი: „ბევრი ვიბრძოლეთ,რომ მიზნისთვის მიგვეღწია და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. მოწინააღმდეგე გუნდს დამსახურებულ მოგებას ვულოცავ. კონტრშეტევებისთვის მზად ვიყავით, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, რის გამოც დავისაჯეთ. შემდეგ მატჩში უფრო მოტივირებულები გამოვალთ.“

შოთა თოფურია, თელასი: „მაყურებელიც ხედავს, რომ თანაბარი გუნდები ვართ. პირველი თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა მაშინ ჩვენს სასარგებლოდ არა. მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა მომენტების რეალიზებაზე გვემუშავა. მინდა მოწინააღმდეგეს ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადო. დღეს, წინა მატჩისგან განსხვავებით, ფორტუნაც ჩვენს მხარეს იყო. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. შესვენებაზე მწვრთნელის მოცემული დარიგებები გავითვალისწინეთ. TMC-ის ავტოგოლმაც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა და ამ ყველაფრის ხარჯზე სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ."

15 ივნისს ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივი მართვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მესამე ადგილისთვის მეორე შეხვედრას გამართავს.

TMC თბილისისა და თელასის დაპირისპირების სერია 21 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024