ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონი თსუ 2 გახდა!

ყველა სიახლე
04 ივნისი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ის სადებიუტო სეზონის ტიტული თსუ 2-მა მოიპოვა!

ტურნირის გამარჯვებული ფინალში ილიაუნის დაუპირისპირდა. „საუნივერსიტეტო დერბი“ ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში გიორგი ღავთაძემ თსუ 2 დააწინაურა. თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე კი ირაკლი ლატარიამ წონასწორობა აღადგინა. გოლის შემდეგ მთელი მეორე ტაიმი გუნდებმა ჯარიმების ლიმიტში გაატარეს. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და თასის მფლობელის ვინაობა „საფეხბურთო ლატარეაში“ გაირკვა. გიორგი ვეშაპიძემ ერთი დარტყმის მოგერიება შეძლო, პენალტების სერია 3:2 დამთავრდა და თსუ 2-მა პირველობა მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ვეშაპიძე, თსუ 2: „პირველ რიგში, ტურნირის ორგანიზატორებს მინდა მადლობა გადავუხადო. როგორც მაყურებელმა იხილა, ძალიან დაძაბული და დრამატული ფინალი გამოვიდა, რაც მეტოქის დამსახურებაცაა. ილიაუნის მიმდინარე სეზონში მესამედ შევხვდით და ყველა დაპირისპირებაში ვიმარჯვეთ, რასაც ალბათ მეტი მონდომების ხარჯზე ვახერხებთ. კმაყოფილი ვარ მთელი სეზონით და ფინალში ჩვენი თამაშით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ჩემპიონები გავხდით.“

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგა 2-ის პრველ ჩემპიონს რეგულარული ეტაპიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

  © SBM, 2016-2024