თსუ ფუტსალის ლიგის თასის პირველი გამარჯვებულია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა!
ფინალურ დაპირსპირებაში ერთმანეთს ორი უმაღლესი ლიგის გუნდი, თსუ და თელასი შეხვდნენ. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. „ენერგეტიკოსები“ ოცდამეოთხე წუთზე ამირან ცხომარიას გოლმა დააწინაურა. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და ანგარიში 1:1 გახდა. დარჩენილ დროში, მცდელობების მიუხედავად, ვერც ერთმა გუნდმა თამაშის ბედის გადაწყვეტა ვერ შეძლო და ლიგის თასის გამარჯვებული „საფეხბურთო ლატარეაში“ გამოვლინდა. „უნივერსიტეტელების“ მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტი ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თსუ-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და თსუ-მ საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგის პირველი გამარჯვებული 2015/16 წლების სეზონში, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღევანდელი შედეგით მან სადებიუტო ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი მოწინააღმდეგე ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. თელასი ძალიან ძლიერია და შეხვედრაში ფავორიტები სწორედ ისინი იყვნენ. თამაში მათი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბიჭების თავდადებით მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ. ჩვენს გულშემატკივრებს დღევანდელ შედეგში დიდი წვლილი მიუძღვით - ბოლო წამამდე გვამხნევებდნენ. თვითონ ტურნირმა, ძალიან კარგად და ხარისხიანად ჩაიარა, რისთვისაც SBM-ის სპორტულ სააგენტოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი. თასის თამაშები ჩვენთვის დამატებითი გამოცდილება იყო. დებიუტანტი გუნდი ვართ და გვინდოდა სეზონი ტიტულით დაგვესრულებინა. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება.“
ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, თსუ-ს მეკარე, ალი ასლანი დასახელდა. გათამაშების ბომბარდირი კი, 7 გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა.