ფუტსალის ლიგის თასის ფინალური ბრძოლის წინ!

ყველა სიახლე
29 მაისი 2019


31 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ და თელასი ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ფუტსალის ლიგა 2-სა და უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის გამართული გათამაშება, საბოლოო ჯამში, საინტერესოდ წარიმართა. მაყურებელმა ნახევარფინალში დაძაბული და სანახაობრივი თამაშები იხილა. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა იყო პსპ-სა და თელასის მატჩზე, სადაც „ფარმაცევტები“ ჯერ ფინალთან, შემდეგ კი, პენალტების სერიასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ, თუმცა თასისთვის ბრძოლას ილიაუნისთან ერთად ლიგა 2-ის მეორე გუნდიც გამოეთიშა და ფინალის ორივე საგზური ფუტსალის ლიგაში მოასპარეზეებს, თსუ-სა და თელასს ერგოთ.

თსუ vs თელასი / 19:00 საათი

გუნდების ურთიერთშეხვედრებში ბალანსი თელასისთვის დადებითია. იგი „უნივერსიტეტელებს“ ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონში ორჯერ დაუპირისპირდა და ანგარიშებით 7:1 - 3:0 იმარჯვა. თასის ფინალამდე მოსასვლელად ორივე გუნდმა რთული გზა გაიარა. „ენერგეტიკოსებმა“ ჯერ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, TMC თბილისი გამოთიშეს გათამაშებას, შემდეგ კი პსპ-სთან მოუწიათ მძიმე ბრძოლაში ჩაბმა. რაც შეეხებათ „უნივერსიტეტელებს“, მათ პირველივე მატჩი უხერხულ მეტოქესთან, ქუთაისის „მართვესთან“ ჩაატარეს და პენალტების სერიაში წლევანდელ სეზონზე მათთან პირველი გამარჯვება მოიპოვეს; ნახევარფინალში ილიაუნის ბარიერი კი შედარებით იოლად გადალახეს.

Sbm.ge მატჩის წინ გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ავთანდილ ასათიანი, თელასი: „ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება გაიმართებოდა. ვინაიდან, წელს პირველად ტარდება, გუნდებმა გაორმაგებული მოტივაციით დავიწყეთ მისთვის ბრძოლა. დაძაბული თამაშები გამოვიდა. ნახევარფინალში პსპ დავამარცხეთ, რომელსაც თავისუფლად შეეძლო თასის მოპოვება, მაგრამ გამოცდილებით ვაჯობეთ. დასკვნითი მატჩი საინტერესო იქნება. ორივე გუნდს გამარჯვება გვსურს და მაყურებელი დიდ ბრძოლას იხილავს. თსუ ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის ბოლო შეხვედრის შემდეგ კი ვფიქრობ, განსაკუთრებით სახიფათო მეტოქე იქნება. ჩვენის მხრივ, ბიჭებს თავდაჯერებულობა არ აკლიათ, რადგან მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ფინალისთვისაც შესაბამისად ვემზადებოდით და დანარჩენს გულშემატკივარი უშუალოდ მოედანზე იხილავს.“

დავით ბობოხიძე, თსუ: „თასის გათამაშება დამატებითი გამოცდილების შესაძენად ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენთვის ფინალამდე გზა იოლი არ ყოფილა. პირველივე შეხვედრაში ქუთასმა სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, რაც შედეგზეც აისახა. ნახევარფინალში კი ახალგზარდა და ბრძოლისუნარიანი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ილიაუნის დავუპირისპირდით. ვფიქრობ, რომ ფინალში დამსახურებულად გავედით. ჩვენი მეტოქის, თელასის რიგებში ეროვნული ნაკრების წევრებიც არიან და ასევე აღსანიშნავია, რომ წელს, ჩემი აზრით, საუკეთესო შემადგენლობით ასპარეზობენ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი უმაღლესი ლიგის ნახევარფინალების ბოლო წამებზე განცდილი მარცხის დავიწყება იქნება, რომელიც ჩვენთვის ძალიან დასანანი იყო, მაგრამ უნდა გადმოვერთოთ თასის ფინალზე და ვეცდებით, რომ პირველივე გათამაშება ტიტულით დავასრულოთ.“

ფუტსალის ლიგის თასის ფინალის პირდაპირ ეთერში ხილვა მაყურებელს სილკ უნივერსალზე შეეძლება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

  © SBM, 2016-2024