ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თსუ-ს თელასი დაუპირისპირდება!

ყველა სიახლე
17 მაისი 2019


ფუტსალის ლიგის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თელასი და პსპ დაუპირისპირდნენ. უმაღლესისა და მეორე ლიგის გუნდებს შორის გამართული მატჩი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. „ფარმაცევტების“ მესამე წუთზე გატანილ გოლს თელასმა ორი ბურთით უპასუხა. ტაიმის დასრულებამდე კი პსპ-მ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. ოცადემცხრამეტე წუთზე ანგარიში 3:3 იყო, როცა ამირან ცხომარიამ ჰეთრიკი გაიფორმა და გუნდს ფინალის საგზურიც მოუპოვა. მატჩი საბოლოოდ 4:3 თელასის გამარჯვებით დასრულდა. „ფარმაცევტების“ რიგებიდან ორი გატანილი გოლით ნიკოლოზ კოპლატაძე გამოირჩა

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ამირან ცხომარია, თელასი: „ისეთივე დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, როგორსაც ველოდით. პსპ ძალიან კარგი გუნდია და ეს დღესაც დაამტკიცა.  მინდა მათ ასეთი კარგი დაპირისპირებისთვის მადლობა გადავუხადო. მატჩის მიმდინარეობა ანგარიშზეც შესაბამისად აისახა. ბოლო წუთებემადე ფინალისტის ვინაობა უცნობი იყო. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხუთით თამაშში გამოიხატება და დღეს ეს მხარე კარგად გამოვიყენეთ. ფინალში თსუ-ს ვხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაძაბული და რთული შეხვედრა გველის.“

ფუტსალის ლიგის თასის ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 31 მაისს გაიმართება. გათამაშების პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს თელასი და თსუ დაუპირისპირდებიან.

  © SBM, 2016-2024