თსუ 2 ფუტსალის ლიგა 2-ს ფინალში ითამაშებს!

ყველა სიახლე
10 მაისი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ს ფინალის პირველი საგზური თსუ 2-მა მოიპოვა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონატის ნახევარფინალების დასკვნითი შეხვედრები „საუნივერსიტეტო დერბით“ დაიწყო. განმეორებით მატჩში ერთმანეთს თსუ 2 და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. კსუ-მ პირველივე წამებზე სწრაფი გოლის გატანა შეძლო და მეორე ტაიმს უპირატესობით 2:1 შეხვდა. თამაშის განახლებიდან სამ წუთში თსუ 2-მა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა. წინა თამაშის შედეგიდან გამომდინარე (2:0) თსუ ფუტსალის ლიგა 2-ს ფინალში გადავიდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ყარსიმაშვილი, კსუ: „დღევანდელი შეხვედრა სწარფი გოლით დავიწყეთ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. პირველი ტაიმი ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართა, თუმცა მატჩის დასრულებამდე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ვარჯიშებზე პენალტების სერიისთვის ვემზადებოდით და ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეს თამაშით ვაჯობეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა და ამიტომაც მიმდინარე სეზონს გამოვეთიშეთ. მომავალ წელს დაველოდებით, რომლისთვისაც უკეთ მოვემზადებით.“

თრონიკე ტურავა, თსუ 2: „გასული თამაშიდან გამომდინარე მეტოქისგან ასეთ წინააღმდეგობას ველოდით. კსუ ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავ იმისა, რომ მატჩი ფრედ დასრულდა, პირველ ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვებით ფინალის საგზური მოვიპოვეთ. რთულია თქმა, მაგრამ დასკვნით ეტაპზე პსპ ილიაუნის წყვილიდან სასურველი მეტოქე ალბათ უფრო ილიაუნია - გამომდინარე იქიდან, რომ „ფარმაცევტებთან“ მოგება არ გვაქვს. ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში და ჩვენს მთავარ უპირატესობად ის მიმაჩნია, რომ კარგად შეთამაშებულები ვართ.“

მეორე ფინალისტის ვინაობა ილიაუნისა და პსპ-ს შორის გასამართი მატჩის შემდგომ გაირკვევა. დღეს ასევე ფუტსალის ლიგის ნახევარფინალების რიგით მესამე შეხვედრები ჩატარდება, სადაც თელასი მართვეს, TMC თბილისი კი თსუ-ს დაუპირსპირდება.

  © SBM, 2016-2024