ფუტსალის ლიგა | პლეი-ოფი: თელასი vs მართვე - TMC vs თსუ!

ყველა სიახლე
05 აპრილი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პლეი-ოფის წყვილები რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ ცნობილია. თელასმა თსუ-სთან დაძაბულ ბრძოლაში 3:0 იმარჯვა და წრიული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ტაიმს გუნდები გოლის გარეშე შეხვდნენ. თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში „ენერგეტიკოსებმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მატჩის დასრულებამდე კი სხვაობა სამამდე გაზარდეს. შეხვედრაში დუბლით ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩა.

აღნიშნულ მატჩზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ დაწყვილდებოდნენ გუნდები პლეი-ოფში. ნახევარფინალში მაყურებელი თელასი ქუთაისის მართვესა და TMC თბილისი თსუ-ს დაპირისპირებას იხილავს. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გუნდები ბრძოლას 25 აპრილს დაიწყებენ და ერთმანეთს სამ მოგებამდე გაეჯიბრებიან.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ამ თამაშის შემდეგ გაირკვა ჩევნი ნახევარფინალური მეტოქე. თელასი და TMC თბილისიც თანაბარი ძალების მქონე გუნდებია. ორივესთან მსაგვსი ანგარიშით დავთმეთ შეხვედრები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემა გოლის ვერ გატანაა. მომენტებს ვქმნით და შეტევას სათანადოდ ვერ ვასრულდებთ. ამ კომპონენტზე მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რადგან მოქმედ ჩემპიონს ვუპირისპირდებით და რთული თამაშები გველის. სამწუხაროდ, ჩვენმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო მსაჯთან შეკამათების გამო,  რაც ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მოუწევს, როცა რეალურად გუნდს ყველაზე მეტად დასჭირდება. ნახევარფინალებში მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ, რომ ფინალში ვითამაშოთ.“

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი:“თანაბარ თამაშს ველოდით და ასეც მოხდა. მოწინააღმდეგემ ერთი-ერთზე ბევრი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა, რისთვისაც ჩვენი მეკარე ქებას იმსახურებს. საბოლოოდ, ქუთაისის მართვესთან მოგვიწევს ნახევარფინალში დაპირისპირება. სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ ამ გუნდმა ნანატრი შედეგის მიღწევა შეძლო. ძალიან რთული გასვლა გველის იმერეთში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ფავორიტები, ცხრილის მიხედვით ასე ჩანს, მაგრამ ვერ დავეთანხმები. დღეიდან დავიწყებთ მომზადებას, რათა ფინალის საგზური მოვიპოვოთ.“

წელს პირველად ჩატარდება ფუტსალის ლიგის თასი. მასში მონაწილეობას ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდები მიიღებენ, რომლებიც 10 აპრილს ბრმა კენჭისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

  © SBM, 2016-2024