ფუტსალის ლიგა 2 | რეპეტიცია ნახევარფინალის წინ!

ყველა სიახლე
05 აპრილი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ს რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თსუ 2-ს დაპირისპირებით დაიწყო. დაძაბულ მატჩში ანგარიში სატურნირო ცხრილის ლიდერმა გახსნა. მეტოქემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე თსუ კვლავ დაწინაურდა და შემდეგ ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. კსუ-მ დარჩენილ დროში მხოლოდ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ანგარიშით 3:2 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩშიც თსუ 2-მა იმარჯვა - 2:1.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ფარცვანია, კსუ: „საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანი შეხვედრა არ იყო, მაგრამ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩის კარგად ჩატარება გვინდოდა. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, არ ვიმსახურებდით. ნახევარფინალშიც თსუ-სთან მოგვიწევს დაპირისპირება, უკეთ მოვემზადებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.“

რომან კუხიანიძე, თსუ 2: „დაძაბული შეხვედრა იყო. ჩემი აზრით, მეტოქეს მეტი მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ვაჯობეთ. მატჩის მიწურულს დაცვაში ჩავარდნა გვქონდა და მეორე ბურთი მივიღეთ, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მივეცით და კიდევ ერთი სამი ქულა მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ პლეი-ოფშიც შევძლებთ ამ შედეგის განმეორებას.“

მეათე ტური 7 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტისა და პსპ-ს დაპირისპირებით დასრულდება. ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილების ვინაობა უკვე ცნობილია. პირველადგილოსანი თსუ 2 კსუ-ს დაუპირისპირდება, ხოლო პსპ ილიაუნის.

  © SBM, 2016-2024