ფუტსალის ლიგა 2 | "საუნივერსიტეტო დერბი" ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
31 მარტი 2019


ფუტსალის ლიგა 2-ს მეცხრე ტურის დასკვნით შეხვედრას ახალმა თბილისმა უმასპინძლა. ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ილიაუნი დაუპირისპირდნენ. „საუნივერსიტეტო დერბი“ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა. ოცდამეცხრამეტე წუთზე ნიკა გვაზავამ ილიაუნის დაწინაურება მოახერხა. დარჩენილ დროში ბექა ყარსიმაშვილმა მიღებულ გოლს უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩი საბოლოოდ ფრედ 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ დაპირისპირებაში ილიაუნიმ 7:0 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა გვაზავა, ილიაუნი: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონია, მაინც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ის, რომ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იყო, ამას ანგარიშიც მოწმობს. მიუხედავად მცდელობებისა ბოლო წუთამდე ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. გულშემატკივრების თანადგომამ დიდი მოტივაცია მოგვცა და საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ.“

ბექა ყარსიმაშვილი, კსუ: „ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ჩვენთვის პლეი-ოფში მოსახვედრად მნიშვნელოვანი თამაში იყო. გოლი მეორე ტაიმის ბოლოს მივიღეთ. ამან ფაქტის წინაშე დაგვაყენა და კიდევ უფრო მოვინდომეთ. ორივე გუნდის ძალებს თანაბრად შევაფასებდი და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია.“

ფუტსალის ლიგა 2-ს რეგულარული სეზონის ბოლო, მეათე ტური, სტარტს 5 აპრილს თბილისის ოლმპიურ სასახლეში აიღებს. ერთმანეთს კსუ და თსუ 2 დაუპირისპირდებიან.

  © SBM, 2016-2024