თამაზ გოგსაძე: "ვერავინ იტყვის,რომ პლეი-ოფში თამაში არ დაგვიმსახურებია!"
ყველა სიახლეჩემპიონატის არსებობის მანძილზე ქუთაისის მართვემ ფუტსალის ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. მათ გადამწყვეტი შეხვედრა თავიანთი გულშემატკივრების წინ, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩაატარეს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ სანახაობრივ მატჩში „იმერლებმა“ 6:1 იმარჯვეს და 17 ქულით საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ. დღევანდელ შეხვედრაში სამი გოლი ოთარ ბერეჩიკიძის ანგარიშზეა.
Sbm.ge მატჩის შემდგომ ბსუ-ს მთავარ მწვრთნელს, ქუთაისის მართვეს გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს გაესაუბრა:
ბაჩანა აბაშიძე, ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი:"პირველ რიგში მინდა მივულოცო მოწინააღდეგეს, ქუთაისი ნამდვილად იმსახურებდა ასეთ გუნდს, ნამდვილი შოუ დადგა მაყურებელმაც და გულშემატკივარმაც და წარმატებები მინდა ვუსურვო. ვდომინირებდით პირველი ნახევრის განმავლობაში,მე ვამბობდი რომ ვინც უკეთ მოემზადებოდა ის მოიგებდა ამ თამაშს და აშკარად უკეთესად მომზადებული იყო ქუთაისი. მინდა ჩემს ბიჭებს ვუთხრა რომ გმირები არიან და ყველა იმ მინუსს რაც გვაქვს გამოვასწორებთ აუცილებლად."
ოთარ ბერეჩიკიძე, „მართვე“: "ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის და გულშემატკივარს, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ეს ისტორია დაგვეწერა, პირველად ითამაშებს ქუთაისის კლუბი ფუტსალის ლიგის პლეი-ოფში. ჩვენი მეტოქე სავარაუდოდ თელასია და შევეცდებით მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ კიდევ ერთი წარმატებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასურველი შედეგი დავდოთ."
თამაზ გოგსაძე, „მართვე“: "რთულ თამაშს ველოდით, რაც ნამდვილად ასე იყო. ვთვლი რომ ერთი დონის გუნდები ვართ, თუმცა რამდენიმე ფაქტორი ჩვენს სასიკეთოდ იყო,პირველად ვითამაშე მსგავს ატმოსფეროში და გამიხარდება თუ შემდეგ თამაშებშიც მსგავსი გულშემატკივრობა იქნება. ვერავინ იტყვის, ამ ბიჭებს პლეი-ოფში თამაში არ დაუმსახურებიათო. ძალიან ბედნიერი ვარ და ვიბრძოლებთ ბოლომდე,ინტენსიურად ვვარჯიშობდით მეორე წრიდან და ეს წარმატება 100% მწვრთნელის დამსახურებაა!"
გიორგი ნადირაძე, "მართვე": „ჩვენს ნახევარფინალში გასვლას არავინ ელოდა და არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. წინ რთული შეხვედრები გველის, ყველა ვარიანტში ძლიერი მეტოქე გვეყოლება. ჩვენ მთელი გულით ვითამაშებთ, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის. ქუთაისის მართვეს ჩემპიონობას არავინ ელის და პლეი-ოფშიც თავისუფლად ვაპირებთ ასპარეზობას, თამაშისგან სიამოვნებას მივიღებთ. ქუთაისმა ყურადღება მიაქცია ამ სპორტს, მაყურებელმაც დაგვაფასა და ამ ყველაფრის შედეგია ჩვენი ოთხეულში გასვლაც. იმედია, მომავალ სეზონში მეტი რესურსი გვექნება, რათა გავძლიერდეთ.“
ბექა, „მართვეს“ გულშემატკივარი:„ვულოცავ გუნდს გამარჯვებას, წარმატებებს ვუსურვებ საპლეიოფო თამაშებში. შესანიშნავი მატჩი იყო. ჩვენი, გულშემატკივრების სურვილია, რომ განაგრძოს „მართვემ“ გამარჯვებების მოპოვება და უფრო დიდი მიზნებისთვს ბრძოლა. უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონისთვის ფუტსალის განვითარების ძალიან კარგი სასუალებაა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა. დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივართა დიდი რაოდენობით მობილიზების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი. ბათუმელი გულშემატკივრების ჩამოსვლამ კიდევ უფრო სასიამოვნო ატმოსფერო შექმნა დარბაზში და კარგი იქნება თუ არა მხოლოდ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, არამედ ყოველთვის გავამხნევოთ ჩვენი ქალაქის გუნდი.“
ბექა ზაქაძე, „მართვეს“ გულშემატკივარი:„გუნდისთვის და ქალაქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, გვჭირებოდა ეს ყველაფერი. საკმაოდ რთული გზა გამოიარეს ბიჭებმა აქამდე მოსასვლელად და დიდი შორომა ჩადეს, რათა ამ შედეგისთვის მიეღწიათ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიდნენ პლეი-ოფში.“
ქუთაისის მართვეს ნახევარფინალური მეტოქე 5 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თელასისა და თსუ-ს დაპირისპირების შემდგომ გაირკვევა.