პირველად - ქუთაისის მართვე ფუტსალის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს!

ყველა სიახლე
24 მარტი 2019


ქუთაისის მართვე ფუტსალის ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს! 2018/19 წ.წ. სეზონის პლეი-ოფში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.XIV ტურის დასკვნით შეხვედრაში ადგილობრივმა მართვემ თავის უშუალო კონკურენტ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა.
„ქუთათურებს“ ასეთი შანსი არასდროს ჰქონიათ - მათთვის ოთხეულში გასასვლელად ნებისმიერი ფრეც მისაღები იყო. ბსუ-ს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. „იმერლებმა“ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და მეტოქე დამაჯეებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხეს.
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „უნივერსიტეტელებმა“ მესამე წუთზე ნიკოლოზ მოისწრაფიშვილის გოლით მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თუმცა მართვემ პირველივე ტაიმში წონასწორობის აღდგენა და წინ გასვლა შეძლო. ბსუ-ს თამაშის შემოსაბრუნდებლად მთელი მეორე ტაიმი წინ ჰქონდა, მაგრამ ოცდამეოთხე წუთზე მიღებულმა მესამე გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.
„იმერლების“ რიგებიდან ჰეთრიკით თავი ოთარ ბერეჩიკიძემ გამოიჩინა.
ფუტსალის ლიგის ოთხეული, რომელმაც პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვა ასე გამოიყურება: თელასი, TMC თბილისი, თსუ და ქუთაისის მართვე. თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ნახევარფინალში, თსუ-სა და თელასის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა, რომელიც 5 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
  © SBM, 2016-2024