ფუტსალის ლიგა | რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინ!

ყველა სიახლე
21 მარტი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის დაძაბული და საინტერესო რეგულარული სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. კითხვას, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს პლეი-ოფში გამსვლელ უკანასკნელ ბილეთს, პასუხი 24 მარტს, დასკვნითი ტურის საფინალო შეხვედრაში  გაეცემა. ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე, არც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ქუთაისის მართვეს ნახევარფინალში არ უთამაშიათ. სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაა XIV ტურის, რომელიც 22-24 მარტს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, ცენტრალური შეხვედრა.

22 მარტი / 19:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თბილისი VS ივერია 2017

თბილისმა ბსუ-სთან დრამატულ მატჩში მარცხის შემდგომ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ამავე მდგომარეობაშია მისი მოწინააღმდეგე, რომლიც სატურნირო ცხრილში ერთი ქულით ჩამორჩება. ახლა მათი მთავარი მოტივაცია სეზონის გამარჯვებით დასრულებაში გამოიხატება. ივერია 2017 მარცხის შემთხვევაში მიმდინარე ჩემპიონატში თავის ასპარეზობას ბოლო ადგილზე დაასრულებს. აღნიშნულ შეხვედრაში აველო კიკვაძე თბილისს წინა მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ დაეხამრება.

22 მარტი / 21:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / TMC თბილისი VS თსუ

მიუხედავად იმისა, რომ TMC თბილისსა და თსუ-ს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვთ, მატჩისგან მოლოდინი მაინც დიდია. „უნივერსიტეტელებს“ შანსი ეძლევათ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი (7:1) გამოასწორონ და „მედიკოსებთან“ რევანში აიღონ. პარასკევს გუნდები ოპტიმლაური შემადგენლობით ერთმანეთთან ძალებს კიდევ ერთხელ გამოცდიან. ისინი ცხრილში მეორე და მესამე პოზიციას იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი ნახევარფინალის პოტენციური წყვილის დაპირისპირებას იხილავს.

24 მარტი / 15:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე /  მართვე (ქუთ) VS ბსუ (ბთ)

„იმერლები“ უშუალო კონკურენტს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში თავიანთ მოედანზე უმასპინძლებენ, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს. ამასთანავე, ქუთაისის მართვესთვის ნებისმიერი ფრეც მისაღებია, მაგრამ  „უნივერსიტეტელები“ ისტორიულ შედეგთან იმდენად ახლოს არიან, რომ მსგავს ფაქტორებს მატჩის ბედის გადაწყვეტის ნებას არ მისცემენ. ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ბსუ-მ ბოლო წამზე შეძლო ქულის გადარჩენა და მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა. ამჯერად „ქუთათურებთან“ მეტი ძალიასხმევა დასჭირდებათ, რათა მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაასწრონ. კვირას ბსუ-ს ორი მოთამაშე, გიორგი აბუსელიძე და დავით ჯალაღანია ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და გუნდები რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში თავად გადაწყვეტენ თუ რომელი მათგანი იმსახურებს პლეი-ოფში გასვლას.

Sbm.ge თამაშის წინ „მართვესა“ და ბსუ-ს მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: „შევიკრიბეთ და ბოლო თამაში დეტალურად განვიხილეთ. შეცდომებზე ვისაუბრეთ და ახლა მოწინააღმდეგის სტილის გაშიფრვას უნდა შევუდგეთ. მათი უპირატესობების გამოკვეთაა საჭირო და სუსტი მხარეების პოვნა, რათა ისინი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ქუთაისის მართვეს დიდი შესვენება გამოუვიდა, საკმაო დრო ჰქონდა მოსამზადებლად და არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე სიახლე შემოგვთავაზოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს გეგმები. მეტოქისგან დისციპლინირებულ დაცვას ველი, რადგან მათთვის ფრეც მისაღებია, თუმცა უკან არ დაიხევენ და არამგონია ტემპის დაგდებას შეეცადონ, განსაკუთრებით საკუთარი გულშემატკივარის წინ. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით რთულია წინასწარ განსაზღვრო თუ როგორ გეთამაშება მეტოქე, ვფიქრობ, მცირე დეტალები გადაწყვეტს მატჩის ბედს და პირველი გოლის გამტანი დიდ უპირატესობას მოიპოვებს. ჩვენ მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად ვიქნებით.“

ედუარდ ვოლხინი, ქუთაისის მართვე: „ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის მზადება ჩვეულებრივ მიმდინარეობს. ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი თამაში, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში დავკარგეთ. მეტოქე გუნდს ძალიან კარგად ვიცნობთ. წელს ბსუ კარგ ფუტსალს გვთავაზობს, რაც დიდწილად მათი მთავარი მწვრთნელის, ბაჩანა აბაშიძის დამსახურებაა. 24 მარტს უკომპრომისო ბრძოლა გველის ორ გუნდს შორის, რომლებიც პლეი-ოფში თამაშს იმსახურებენ.“

22 მარტს გასამართი მატჩების ლაივის ხილვა მაყურებელს sbm.ge-ზე შეეძლება, ხოლო 24 მარტს, ქუთაისში გასამართი ცენტრალური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილკ HD 1 15:00 სთ-დან შემოგთავაზებთ.

თამაშებზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია!

 

  © SBM, 2016-2024