ფუტსალის ლიგა | "მედიკოსების" მარტივი სამი ქულა!

ყველა სიახლე
15 მარტი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეცამეტე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივერია 2017-სა და TMC თბილისის დაპირისპირებით დაიწყო. „მედიკოსებს“ არ გასჭირვებიათ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობის მოპოვება და მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის მიმდინარეობა არც დარჩენილ დროში შეცვლილა, მატჩი საბოლოოდ 12:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამ-სამი გოლი გიორგი სილაგავამ და ბორის ესებუამ გაიტანეს. ორი ბურთი კი ამენი საეიდის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბორის ესებუა TMC თბილისი:„გასული მატჩი რთულად ჩავატარეთ და ახლა უფრო მონდომებულები ვიყავით, რომ შეცდომები გამოგვესწორებინა. ვცდილობთ რეგულარული სეზონი კარგ ნოტაზე დავასრულოთ და პლეი-ოფისთვის მოვემზადოთ. სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავება გაგვიჭირდება, რადგან მხოლოდ ჩვენი თამაშის შედეგზე არ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ თუკი თელასმა ქულები დაკარგა ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.“

ტურის მეორე შეხვედრაში თბილისი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეხვდება. ორივე გუნდისთვის ამ მატჩში გამარჯვება პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია.

  © SBM, 2016-2024