ფუტსალის ლიგა 2 | თსუ 2-ს პირველი მარცხი!

ყველა სიახლე
10 მარტი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მერვე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გათამაშების ლიდერი თსუ 2 პსპ-ს დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა. „ფარმაცევტების“ ფეხბურთელმა ირაკლი ბურჭულაძემ მეექვსე წუთზე ანგარიში გახსნა. მიღებულ გოლს გიორგი ღავთაძემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა დარჩენილ დროში პსპ-მ კიდევ სამი გოლის გატანა შეძლო და საბოლოოდ 4:1 იმარჯვა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ღავთაძე, თსუ: „დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. გათანაბრების შემდეგ ზედიზედ გავუშვით გოლები, რამაც იმოქმედა ფსიქოლოგიურად და ვეღარ მოვახერხეთ დარჩენილ დროში თამაშის შემობრუნება. წაგების მიუხედავად ცხრილში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო პსპ-სთან სამი ქულის მოპოვება, რადგან ჯერ წაგება არ გვქონია და უმოტივაციოდ ნამდვილად არ ვიყავთ. ჩვენი მთავარი მიზანი ძლიერ გუნდებთან გამარჯვება და ჩემპიონობაა.“

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „თავიდანვე დიდი შემართებით გამოვედით სათამაშოდ. ბოლო ორი შეხვედრა წავაგეთ და თსუ-სთან განსაკუთრებით მოვინდომეთ, რათა მოუგებელი სერია დაგვესრულებინა. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია. პირველ ადგილზეა ცხრილში და იმის შანსი, რომ გადავასწრებთ ძალიან მცირეა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციით გავალთ პლეი-ოფში, რადგან შემდეგ უკვე თამაშები გადაწყვეტს ყველაფერს.“

ფუტსალის ლიგა 2-ს მეცხრე ტური 17 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და 31 მარტს ახალ თბილისში დასრულდება.

  © SBM, 2016-2024