ფუტსალის ლიგა | ლიდერების შედეგიანი ვოიაჟი იმერეთში!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის XII ტური, რომელმაც სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი მართვე და თელასი დაუპირისპირდა, შეხვედრა „ენერგეტიკოსების" გამარჯვებით 8:0 დასრულდა. დღევანდელ მატჩში პოკერით ამირან ცხომარია გამოირჩა, რომელიც ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად 21 გოლით ლიდერობს.
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა სათამაშო დღის პირველი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ TMC თბილისსა და ბსუ-ს შორის. მატჩის პირველი ნახევარი „მედიკოსების“ უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ტაიმში, ბსუ-მ ჯერ ანგარიშის შემცირება, შემდეგ კი გათანაბრება შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე TMC თბილისის ფეხბურთელმა გიორგი სილაგავამ გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:2 დაფიქსირდა.
რეგურალური სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მთავარ ინტრიგად კვლავ პლეი-ოფში გამსვლელი მეოთხე გუნდის ვინაობის გარკვევა რჩება. საუკეთესო მეოთხესთვის ბრძოლაში „მართვე“, ბსუ და თბილისი თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ამირან ცხომარია, თელასი: "ქუთაისი საკმაოდ ძლიერი გუნდია, საშინაო შეხვედრებში მაყურებლის ფაქტორი მათ მხარესაა და შესაბამისად რთულია მათ მოედანზე თამაში. საკმაოდ რეალურია მათი პლეი-ოფში მოხვედრის შანსი. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან ჩვენი მიზანია პირველ ადგილზე დავამთავროთ რეგულარული და შედარებით ძლიერი გუნდი ავიცილოთ ნახევარფინალში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონები გავხდეთ. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გავხდი 21 გოლით, ჩემი მთავარი მიზანია გუნდს დავეხმარო."
ბაჩანა აბაშიძე, ბსუ-ს მთავარი მწვრთნელი: "საქართველოს ჩემპიონს შევხვდით და ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. TMC თბილისი კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელით. მინდა ვთქვა, რომ პირველად ისტორიაში, ჩვენს გუნდს აქვს შანსი და მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ შევძლებთ და დარჩენილ ორ თამაშს მოვიგებთ ფაქტიურად განაღდებული გვაქვს პლეი-ოფში თამაში. ამიტომ ძალებს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის საჩუქარი რომელიც წელს გამოჩნდა გამოვიყენოთ."
ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისის მთავარი მწვრთნელი: „ძალიან გვიჭირს ქუთაისის მოედანზე თამაში, თუმცა ჩვენი გუნდისთვის მოცემულობა ასეთია. "ცალი ფეხით" ვერავის მოუგებ. პირველ ტაიმს ვიგებდით და ვირწმუნეთ გამარჯვება. ფუტსალი არ გპატიობს შეცდომებს, მცირე ნიუანსებსაც კი დიდი ყურადღება უნდა დაუთმო. დღეს ყველა მოთამაშემ ჩააგდო თამაში, მიუხედავად ამისა გავიმარჯვეთ, მაგრამ ბევრია განსახილველი და სალაპარაკო. რთული ეტაპი გვაქვს, თუმცა იმედი მაქვს რომ ამ ეტაპს მალე გადავლახავთ."
ფუტსალის ლიგის მორიგი ტური 15 მარტს გაიმართება.