ფუტსალის ლიგა | მართვე თბილისთან დამარცხდა!

ყველა სიახლე
01 მარტი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის მეთერთმეტე ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. თბილისი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 მოიგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორი გოლი ბექა ონიანმა მიითვალა. მოწინააღმდეგის მხრიდან კი ერთი გოლის გაქვითვა ოთარ ბერეჩიკიძემ მოახერხა. „ქუთათურებისთვის“ ეს შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი მოგება პლეი-ოფის საგზურის განაღდებას უდრიდა. თავის მხრივ კი ამ შედეგით „დედაქალაქელებმა“  ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსის შენარჩუნება შეძლეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თამაზ გოგსაძე, ქუთაისის მართვე: „მეორე წრისთვის შედარებით ნაყოფიერად გავიარეთ მომზადება, რაც წინა თამაშებზე ნამდვილად აისახა. დღეს სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა დავკარგეთ. გასვლით შეხვედრებზე მაქსიმუმის ჩვენება გვიჭირს. ჩვენი წაგებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა, ვგულისხომ მეოთხე ადგილისთის ბრძოლას. სანამ მოწინააღმდეგეებს ექნებათ თეორიული შანსი, რომ გადაგვასწროს არ დავნებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პლეი-ოფის საგზური ჩვენ მოვიპოვოთ.“

ბექა ონიანი, თბილისი: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგის კარგი თამაში მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო. არა ერთხელ იქნა აღნიშნული იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი შედარებით ახალია. ვაფასებ ქუთაისის მართვეს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ისინი ფავორიტები იყვნენ. ამ ეტაპზე თანაბარი გუნდები ვართ ჩემპიონატში, თუმცა ბევრი მათგანი გამოცდილებით გვჯობნის. ჩვენ შედარებით მძიმე კალენდარი მოგვიწია, ზედიზედ სამი რთული შეხვედრა ჩავატარეთ ჩემპიონატის ფავორიტებთან, რამაც თავდაჯერებულობაზე იმოქმედა. სანამ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ პლეი-ოფში ვითამაშოთ, ვიბრძოლებთ და ვეცდებით დარჩენილ სამ თამაშში გამარჯვება მოვიპოვოთ.“

ფუტსალის ლიგის XII ტური 8 მარტს თბილისში თსუ - ივერია 2017-ის შეხვედრით დაიწყება და 9 მარტს ქუთაისში დასრულდება, სადაც ქუთაისის მართვე თელასს, ხოლო ბსუ TMC თბილისს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024