ფუტსალის ლიგა 2 | დაძაბულ ბრძოლაში თსუ-მ ილიაუნის აჯობა!

ყველა სიახლე
22 თებერვალი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მეექვსე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ.  დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში თსუ-მ 1:0 იმარჯვა და ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ლუკა ჭუმბურიძე გახდა, რომელმაც ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გამოყენება შეძლო. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრაც თსუ-ს გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ახლანძე, ილიაუნი:„პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს. თსუ ძალიან ძლიერი მეტოქეა. დღითიდღე იზრდებიან და ჩვენც მათთან ერთად ვვითარდებით. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. თამაშის განმავლობაში მსაჯის შეცდომები საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ამას ვერ დავაბრალებ, მიუხედავად იმისა, რომ მის გადაწყვეტილებას მოყვა გოლი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთის კარგად ნაცნობმა წესმა იმოქმედა ჩვენს შემთხვევაზეც - არ გავუტანეთ და გაგვიტანეს. თსუ-ს ვულოცავთ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.“

ლუკა ჭუმბურიძე, თსუ:„თავიდანვე ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებოდით. ბევრი რამე წყდებოდა ამ მატჩით - თუ მოვიგებდით პირველზე ვრჩებოდით, წაგების შემთხვევაში კი ლიდერის პოზიციას ილია დაიკავებდა. ფრეც გვაწყობდა, მაგრამ მოვინდომეთ ძალიან. მეორე ტაიმში უფრო დიდი ზეწოლა მოვახდინეთ მეტოქეზე და ამიტომაც დაჯარიმდნენ ბევრჯერ. მათი შეცდომების ხარჯზე მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. გატანილ გოლზე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ბურთთან მისვლისას ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიტანდი.“

ფუტსალის ლიგა 2-ს მეშვიდე ტური 24 თებერვალს კსუ-სა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყება.

დღეს ასევე გაიმართება ფუტსალის ლიგის მეათე ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს თელასი და თბილისი დაუპირისპირდებიან.

  © SBM, 2016-2024