ფუტსალის ლიგა | პრინციპული მატჩის წინ!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2019


ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის სატურნირო ცხრილში მეცხრე ტურის შემდეგ სიმჭიდროვეა. ამ ეტაპისთვის სამეული ასე გამოიყურება: TMC თბილისი - 22 ქულა; თელასი - 21 ქულა; თსუ - 16 ქულა. 18 თებერვალს თბილისის ოლიმპიური სასახლე პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირებიან.

TMC თბილისი VS თელასი -  17:00 საათი

გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სერიიდან ყველაზე  საინტერესო და დაძაბული 2016-17 წ.წ. სეზონის ფინალური მატჩები იყო. თელასმა სამი თამაშიდან პირველი 9-4 დათმო. ბოლო ორ შეხვედრაში კი 3:2, 5:4 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში გათამაშების ლიდერებს შორის დაპირისპირება ერთხელ უკვე შედგა და TMC თბილისმა დაძაბულ შეხვედრაში 3:1 იმარჯვა. მეცხრე წუთზე “ენერგეტიკოსების” რიგებიდან ორმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო. გიორგი სოზაშვილი სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ორშაბათსაც ვერ დაეხმარება. დანაკლისი აქვს TMC თბილისსაც, მუხლის ტრავმის გამო გუნდის მეკარე, თორნიკე ბუკია თამაშს ვერ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში სამივე გოლი “მედიკოსების” კაპიტნის - ვახტაგ კეკელიას ანგარიშზეა.

TMC თბილისი 14 თებერვალს თბილისს დაუპირისპირდა. როგორც გიორგი სილაგავამ აღნიშნა, გუნდს უშუალო კონკურენტისთვის ძალების დაზოგვა სურდა, თუმცა მიუხედავად შედეგისა (5:3) ეს არ გამოუვიდათ. გამარჯვებული ხვდება მეტოქეს ასევე თელასიც, რომელმაც ბსუ-ს დამაჯერებლი ანგარიშით 6-1 სძლია.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს სილკ უნივერსალის ეთერში შეეძლებათ. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასწრება კი თავისუფალია!

sbm.ge 18 თებრვალს გასამართი მატჩის წინ გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

ალექსანდრე ძაბირაძე, TMC თბილისი: „თელასთან ეს შეხვედრა წესით პირველ ტურში უნდა გაგვემართა, მაგრამ მაშინ გადაიდო და მეტი დრო მოგვეცა მომზადებისთვის. ჩვენ შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბული გამოდის. მოგეხსენებათ, მოწინააღმდეგე ძლიერი და გამოცდილი გუნდია. მაქსიმალურად ვცდილობდით დანაკარგის გარეშე გვეთამაშა ამ მატჩში, მაგრამ არ გამოგვივიდა. ძირითადის მეკარეს, თორნიკე ბუკიას მუხლის ტრავმა აწუხებს და ვერ დაგვეხმარება. სხვა ფეხბურთელები მწყობრში გვყავს და თელასთან შეხვედრისთვის მზად არიან.“

ავთანდილ ასათიანი, თელასი:„მთელი ეს პერიოდი TMC თბილისთან შესახვედრად ისე ვემზადებოდით, როგორც ეს ლიდერთან თამაშისთვის უნდა ხდებოდეს. მთელი სერიოზულობით ვეკიდებოდით თითოეულ ვარჯიშს. ცუდია, რომ გუნდს ერთ-ერთი დიდი ძალა, გიორგი სოზაშვილი დააკლდება. ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, ისინი ფავორიტები არიან მიმდინარე ჩემპიონატში. გულშემატკივარს ორი კარგი გუნდის მონაწილეობით ლამაზ და სანახაობრივ მატჩს ვპირდებით.“

  © SBM, 2016-2024