სამ მატჩში მოპოვებული ცხრა ქულა - ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპი უდანაკარგოდ განვლო!

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2019


საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა და კვლავ დიდი უპირატესობით 6:2 იმარჯვა. დაძაბული და სახიფათო მომენტებით სავსე პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან რვა წუთში დანიის კარში გოლი რონინიომ გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მოპოვებული უპირატესობის შემდეგ გუნდმა მარტივად მოახერხა სხვაობის ექვსამდე გაზრდა. ერთ წუთიან ინტერვალში შოთა თოფურიამ და სიმი საიოტიმ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ვახტანგ კეკელიამ კი სადებიუტო გოლთან ერთად დუბლიც გაიფორმა. მატჩის დასრულებამდე დანიელებმა მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, რაც მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ‘დ’ ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე, ცხრა ქულით დაასრულა. ჯგუფიდან მეორე პოზიციაზე გერმანიის ნაკრები გავიდა, რომელმაც ისრაელს ცხრა წამით ადრე გაუთანაბრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ეს შედეგი მათთვის საკმარისი აღმოჩნდა საქართველოსთან ერთად მეინ რაუნდში გადასასვლელად.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ავთადილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი: „ამ ეტაპისთვის ჩვენი მიზანი შესრულებულია. ცხრა ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავედით. მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. გასაგები მიზეზების გამო ფებურთელებს ცოტა მოტივაცია აკლდათ და როგორც მწვრთნელს, დამეხმარნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. ახლა საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ გადავერთოთ შემდეგ ეტაპზე. შემადგენლობაზე ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ, რადგან დაახლოებით თერთმეტი თვეა დარჩენილი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების კონდიციებს დააკმაყოფილებს გამოძახებული იქნებიან. ისეთი ჯგუფი იქნება, რომ მცირე შეცდომებსაც არ გვაპატიებენ, ამიტომ ყველას ერთად ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს.“

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის 'დ' ჯგუფის სამივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშებით მოიგო, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეებს 18 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი, მხოლოდ სამი ბურთი მიიღო. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპს პოლონეთი უმასპინძლებს და მატჩები მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო - gff.ge

  © SBM, 2016-2024