მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
30 იანვარი 2019


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ‘დ’ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე,  გერმანიის ნაკრებს 5:1 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა.

მატჩი პირველივე წუთებიდან ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის მეთერთმეტე წუთზე რონინიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.გატანილი გოლიდან მალევე, მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით თალესმა დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე სიმი საიოტმა უპირატესობა კვლავ გაზარდა 3:0. მატჩის მეორე ნახევარშიც თამაში იგივე სცენარით წარიმართა. უპირატესობის გაზრდა ჯერ არჩილ სებისკვერაძემ შემდეგ კი კვლავ სიმი საიოტმა შეძლო.შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა ამ გოლს შეხვედრის ბედზე გავლენა არ მოუხდენია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
 

ავთანდილ ასათიანი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი: „ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. პირველ რიგში, გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი ემოცია ვიგრძენით მათგან, რაც დაგვეხმარა. ჩვენთვის მთავარი იყო პირველი სამი ქულის მოპოვება. ეს დავალება შესრულებულია. ხვალინდელი თამაში კიდევ უფრო სერიოზული იქნება და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის. ჯგუფის სასტარტო შეხევდრას რაც შეეხება, ჩვენთვის კარგია ფრედ რომ დასრულდა. მეტი სტიმული მოგვეცა. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში პოლონეთი, ესპანეთის ჯგუფში ვიქენბით, ხოლო  მეორე ადგილის შემთხვევაში მეტოქე პორტუგალია და ჩეხეთი იქნება.“

ზვიად კუპატაძე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი: „დღეს დამაჯერებლად მოვიგეთ.  ქართველი გულშემატკივარი გავახარეთ. ასეთი ანგარიშით რომელიმე სპორტში ვამარცხებდეთ გერმანიას, ძალიან იშვიათია. თამაშის დაწყებამდეც ვამბობდი, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს. 5:1 კარგადაც ვერ ასახავს მატჩის მიმდინარეობას. სხვაობა მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა. რაც შეეხება ხვალინდელ მეტოქეს - ისრაელის ნაკრებს წინა ევროპის შესარჩევზეც ვეთამაშეთ. 3:0 ვიმარჯვეთ იმ შეხვედრაში, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა გუნდი. როგორც ვნახეთ, დანიის ნაკრებს გაუჭირდა გოლის გატანა. ხვალინდელ შეხვერდაზე ბევრია დამოკიდებული. გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ. გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მოვიდნენ. დღესაც საკმაოდ ლამაზი და საინტერესო მომენტები იყო, რასაც მომდევნო შეხვედრებშიც ვპირდებით.“

შოთა თოფურია, ეროვნული ნაკრების წევრი: „დანიის და ისრაელის ნაკრების დაპირისპირების ფრედ დასრულება ჩვენთვის ხელსაყრელია. ეს ჩვენს შანსებს კიდევ უფრო ზრდის. გერმანიაზე ვიტყოდი, რომ ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი გუნდია.გაგვიჭირდა,მაგრამ გულშემატკივრის მხარდაჭერით გავიმარჯვეთ და ვეცდებით შემდეგ თამაშებზეც გავახაროთ მაყურებელი. ხვალინდელ მეტოქეს, ისარელს, საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ფავორიტები ჩვენ ვიქნებით და ვაპირებთ კიდევ ერთი 3 ქულა მოვიპოვოთ.“

საკვალიფიკაციო ეტაპის ‘დ’ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დანია და ისრაელი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 31 იანვარს 20:30 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასწრება თავისუფალია!

  © SBM, 2016-2024