ფუტსალის ლიგა 2 - პსპ-სა და ილიაუნის დაპირისპირება ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
16 დეკემბერი 2018


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე ფუტსალის ლიგა 2-ს მეორე ტურის გამოტოვებული შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს პსპ და ილიაუნი დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლო წამამდე დაძაბული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. "ფარმაცევტების" რიგებიდან ნიკოლოზ კურტანიძე და ნიკოლოზ კოპლატაძე გამოირჩნენ. "უნივერსიტეტელებისგან" კი თითო გოლი ნიკა გვაზავასა და გიორგი ახლანძის ანგარიშზეა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ახლანძე, ილიაუნი: „ამ ლიგაში პსპ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია. ჩვენთვის მათთან თამაში დიდი პატივი და გამოცდილება იყო. ახალი შეკრული გუნდი ვართ და დღითიდღე, ეტაპობრივად ვუმატებთ. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მწვრთნელს, ალიკ სარქისიანს, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის ბევრს შრომობს. ამ თამაშში ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ ახალგაზრდა გუნდი ვართ, არ გაგვიჭირდა პრესინგის თამაში. მაქსიმალურად შევეცადეთ  მეტოქისთვის უპირატესობა არ მიგვეცა. დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი კონკურენციისთვის.“

ლევან სარდანაშვილი, პსპ: „დასაწყისშივე ვიცოდით, რომ კარგი თამაში ინქებოდა. ილიაუნი ნამდვილად კარგი გუნდია, შესაბამისად სრული სერიოზულობით გამოვედით. პირველ წამებზე გაშვებულმა გოლმა აგვირია გეგმები. შემდეგ თამაშში დავბრუნდით, წინაც გავედით, მაგრამ საბოლოოდ მოვადუნეთ ყურადღება. დასანანი გოლი გავუშვით და სამწუხაროდ დავკარგეთ ორი ქულა.“

დღეს ასევე უნდა გამართულიყო ფუტსალის ლიგა 2-ს მესამე ტურის შეხვედრა  თელავსა და კსუ-ს შორის, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაცით გამოწვეული  სატრანსპორტო შეზღუდვების გამო  მატჩი გადაიდო. შეხვედრის ჩატარების თარიღი მალე გახდება ცნობილი.

  © SBM, 2016-2024