ლიგა იწყება- მოლოდინები და შეფასებები!

ყველა სიახლე
07 ნოემბერი 2018


6 ნოემბერს, სასტუმრო „სტამბაში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის და ფუტსალის ლიგა 2-ს 2018/19 წ.წ სეზონის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება, სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ახალ სეზონზე გაზრდილია საპრიზო ფონდიც.

წლევანდელი სეზონის ფარგლებში, პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე ლიგა -  ფუტსალის ლიგა 2-ს გათამაშება აღებს სტარტს. სადებიუტო ლიგაში პირველ წელს 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.

2018-2019 წლის სეზონის კიდევ ერთი სიახლე, ფუტსალის ლიგის თასს უკავშირდება. გაზაფხულიდან,  ფუტსალის  ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის  გუნდები ლიგის  თასის  გათამაშებაში  ჩაერთვებიან. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

ფუტსალის ლიგის  პირველი ტურის  წყვილები ასე გამოიყურება:

9 ნოემბერი  I ტური / თბილისის ოლიმპიური სასახლე

თბილისი VS თსუ

კოლხი-გულრიფში VS მართვე

დინამო (სოხუმი) VS ბსუ (ბათუმი)

TMC თბილისისა და  სტუ თელასის შეხვედრა  მოგვიანებით გაიმართება.

ლიგა 2-ს  პირველი ტურის განრიგი კი შემდეგნაირია:

11 ნოემბერი  I ტური /თბილისის ოლიმპიური სასახლე

კსუ VS პსპ

18 ნოემბერი  I ტური /თბილისის ოლიმპიური სასახლე

UG  VS თელავი

ილიაუნი VS თსუ

SBM.GE ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ს გუნდების წარმომადგენლებს  გაესაუბრა

ავთანდილ ასათიანი, თელასი:  ჩანს  რომ სეზონი იქნება ცხელი,  რვა გუნდიან ჩემპიონატში თითოეული გუნდი რაღაც კუთხით ძლიერია. მინდა აღვნიშნო მეორე  ლიგის ჩამოყალიბების შესახებ, ეს  აუცილებლად  წაადგება  ფუტსალის განვითარებას, რადგან  ქვედა  ლიგაშიც  არიან  მშვენიერი გუნდები, რომლებიც სამომავლოდ  დარწმუნებული ვარ უმაღლეს ლიგაში დაიმკვიდრებენ ადგილს. რაც შეეხება  ჩვენს  მეტოქეს პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონია, ჩემპიონთა  ლიგა  ნათამაშები აქვს  და რა თქმა  უნდა ძალიან სერიოზული მეტოქე  გვყავს. პირველი ტური ალბათ უფრო ისეთი გაცნობითი ხასიათის იქნება. თითოეულ გუნდს ვულოცავ და  ვუსურვებ წარმატებას. 

ალე ძაბირაძე, TMC TBILISI: „მინდა ყველას მივულოცო სეზონის დაწყება.სიახლეებია  დაემატა  მეორე  ლიგა, ლიგა 2-ს სახით, გაზაფხლიდან თასიც  დაემატება  და  ეს  ყველაფერი უფრო ძლიერს გახდის ჩემპიონატს. ამ სვლებით დარწმუნებული ვარ ხელი შეეწყობა  ფუტსალის განვითარებას. რამდენიმე  გუნდი უკვე  ძალიან  ძლიერი  გუნდია,  პირველივე ტურში  უკვე  გამოიკვეთება  ლიდერები. ჩვენ  პირველივე  ტურში თელასს ვეთამაშებით და  თელასი თელასია, ძალიან ძლიერი გუნდია. შევეცდებით   კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ,ჩვენს გუნდებს  შორის  თამაში  სულ დაძაბული და საინტერესოა .“

კოტე ჯავახიშვილი, პსპ: „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე 8 წლიანი ასპარეზობის შემდეგ  გვჭირდებოდა ახალი გამოწვევა. პსპ, ბიზნესისი  ჩემპიონთა  ლიგაზე  წარმატებული გუნდია  და შესაბამისად გვინდოდა გვეცადა უფრო პროფესიონალური ხაზი და გადავწყვიტეთ  ფუტსალის  ლიგა  2 მონაწილეობა.  ფუტსალი  ჩვენთვის  სიახლეა  რადგან არ გვითამაშია, შესაბამისად ახლა დავიწყეთ ვარჯიში და უნდა გადავეწყოთ.ძალიან საინტერესოა,ძალიან კარგია დაგვინდა უფრო პროფესიონალური სპორტისკენ გადავინაცვლოთ ვიდრე  დავრჩეთ  სამოყვარულო ფეხბურთის  დონეზე.“

ტრადიცულად გაგრძელდება სატელევიზიო პროექტი, რომელიც ფუტსალის ლიგის გაშუქებას უკავშირდება -  სფფ-ს, სპორტული სააგენტო SBM-ს და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული სატელევიზიო მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.

  © SBM, 2016-2024